ილტოს ხეობა იცლება
ადგილობრივები მესაქონლეობითა და ბოსტანში მოყვანილი პროდუქტებით ძლივს ირჩენენ თავს. სასაზღვრო ტერიტორია, რომელსაც ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთი და ინგუშეთი ესაზღვრება, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის გარეშეც დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ილტოს ხეობა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ჯერჯერობით ტერიტორიას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ მინიჭებია. ილტოს ხეობაში შემავალი შახვეტილას თემის მაჟორიტარი დეპუტატი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გიორგი უძილაური განმარტავს, რომ კანონპროექტი შეღავათებს ითვალისწინებდა ამ ხეობისთვისაც, რის გამოც 15 კომლი სახლებს დაუბრუნდა, ახლა კი არსებობს სასაზღვრო ტერიტორიის სრულად დაცლის საფრთხე.
“ილტოს ხეობის სოფლები განიცდი მიგრაციას. ხეობაში არ არსებობს მაღაზია, ბაგა-ბაღი, საჯარო სკოლა, სამედიცინო პუნქტი. ხეობის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრობლემაც მძაფრად დგას. 4 სოფელი ქვემო ჩოფჩაური, ჯაბური, ბუხრები და ბუღაანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ილტოს ხეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება ინგუშეთი და ჩეჩნეთი, სასაზღვრო ზონაში ბოლო დასახლებული პუნქტია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუშალოს ამ დასახლებული პუნქტიდან მოქალაქეების გადინებას, მთავრობა ართმევს იმ პრივილეგიასაც, რასაც ითვალისწინებს მთის კანონი”, – აცხადებს გიორგი უძილაური.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდარი კი აცხადებს, რომ ილტოს ხეობის 4 სოფელ ბუხრევს, ვეძებს, ბუღაანს, ქვემო ჩოფჩაურს უკვე შევიდა მაღალმიან დასახლებათა ნუსხაში. ბაიდაურის მტკიცებით, მან შესაბამისი შუამდგომლობით უკვე გაუგზავნა მიმართა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს, რომ ხეობის სხვა სოფლების ჩაჩხრიალას, შახვეტილას, ნადუქნარის და ჭართალას მოსახლეობამაც ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სოცილაური და საგადასახადო შეღავათებით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი შაქრო ტერტერაშვილი კი ილტოს ხეობის მთის სტატუსის გარეშე დარჩენას პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირებს. ტერტერაშვილს მიაჩნია, რომ ილტოს ხეობა, რომელიც მოსახლეობის მკვეთრი სიმცირით გამოირჩევა, არჩევნებზე მოქალაქეების ხმების დიდი რაოდენობის მოპოვების მხრივ ხელსაყრელ დასახლებას არ წარმოადგენს.
“ჯერჯერობით ამ საკითხზე მიმდინრეობს აქტიური მუშაობა. უნდა დადგინდეს, რომელი სოფელ რომელ ისტორიულ*გეოგრაფიული მხარის დასახლეობას ეკუთვნის. ამ დრომდე ეს არ დადგენილა და შესაბამისად ჯერ ილტოს ხეობის სოფლებს მთის სტატუსი არ მინიჭებიათ”, – აცხადებს გაზეთ “კახეთის ხმასთან” საუბრისას ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი ირკალი კახიძე.
მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ვერ ისარგებლებენ მთელი რიგი შეღავათებით, ხეობისგან მხოლოდ ნასახლარიღა დარჩება.