2016 წელს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს
“ევროკავშირი გეგმავს უახლოეს მომავალში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებითვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ორივე ქვეყნის მოქალაქეები 2016 წლიდან ევროპის კავშირში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ,” – წერს სააგენტო როიტერსი გერმანულ გაზეთ „ველტზე“ დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ნახევარი წლის განმავლობაში სამი თვით შეეძლებათ ევროპის კავშირის ქვეყნებში დარჩენა.
,,ველტს“ ევროკავშირის დიპლომატმა განუცხადა, რომ ევროკომისია 15 დეკემბერს საქართველოსა და უკრაინის წინსვლის შესახებ დადებითი ანგარიშით გზას გაუხსნის ორივე ქვეყნისთვის სავიზო ვალდებულების გაუქმებას. გაურკვეველია, უვიზო რეჟიმი კონკრეტულად როდის ამოქმედდება.
სააგენტოს განმარტებით, ევროკომისიის ეს შეფასება იქნება წინაპირობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რომ მათ გააუქმონ სავიზო რეჟიმი.
გაზეთი ,,ველტი” აზუსტებს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში შემავალ 26 ევროპულ სახელმწიფოში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ 6 თვიან პერიოდში მაქსიმუმ 3 თვის ხანგრძლივობით. ეს პროცესი არ გულისხმობს ევროკავშირში უვიზოდ მუშაობასა და სწავლას.