დედოფლისწყაროში ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა გაიხსნა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყო სათავე ნაგებობა და 8 კილომეტრიანი ქსელი, საიდანაც სამი სარწყულებელი წყლით მომარაგდება. მისივე განცხადებით, წლების განმავლობაში თუში მეცხავარეები, ცხვრის დასარწყულებელ ადგილას, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მისასვლელად, დაახლოებით 5-6 კილომეტრს ფეხით გადიოდნენ.
„ცხვრის დასარწყულებელი ადგილი ძალიან შორს მდებარეობდა. ცხვარს რომ წყალი დაელია ძალიან დიდი მანძილის, დაახლოებით 5-6 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდათ. მეცხვარეებს ხშირად ცხვარი სამი დღე ჰყავდათ მწყურვალი. სამუხის ტერიტორიაზე, 8 კილომეტრზე, ჩამოვიყვანეთ წყალი და მოვაწყეთ სამი სარწყულებელი, რომელიც ბეტონის კონსტრუქციაა“, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.
პროექტი, რომლის მიზანია საძოვრების მდგრადი მართვის დანერგვა და თუში მეცხვარეების საარსებო გარემოს გაუმჯობესება, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.