ახალი ამბები

თელავის თემში ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე 1 მილიონ 40 000 ლარი დაიხარჯება

 თელავის მუნიციპაიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებას მოხმარდება. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მიხეილ შაშიაშვილის განცხადებით, მომავალ წელს სოფლებში მოწესრიგდება შიდა საუბნო და ცენტრალური გზები, განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყობა გარეგანათების სისტემა და სხვა.
,,მომავალი წლის ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 1 მილიონ 40 ათასი ლარი დაიხარჯება სოფლებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით. აქედან სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე და ამ კუთხით სხვა ღონისძიებებზე 540 ათასი ლარი დაიხარჯება, გზების მოწყობაზე 50 ათასი ლარი და სოფლებში გარეგანათების სისტემის მოწესრიგებაზე 230 ათასი ლარი. გარდა ამისა, სოფლებში დასუფთავების კუთხით გამოყოფილია 180 ათასი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის ღონისძიებებზე 40 ათასი ლარი,”– განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ შაშიაშვილმა.
2016 წლის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი 6 858 700 ლარით განისაზღვრა. შაშიაშვილის ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით მომავალი წლის ბიუჯეტი 35-40%-ით გაიზრდება.