ახალი ამბები

ქალაქ თელავში სააფიშე დაფები განთავსდება

თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, სააფიშე დაფების განთავსების მიზანია ქალაქში დაგეგმილი ყველა ღონისძიების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. 
„სააფიშე დაფები მოეწყობა უნივერსიტეტის, ბაზრის, თეატრის მიმდებარე ტერიტორიებზე, ნადიკვრის დასვენების პარკთან, ჩოლოყაშვილის გამზირზე, ჭადართან არსებულ სკვერში, თიბისი ბანკთან. სულ 10 ასეთი ადგილია, სადაც განთავსდება სააფიშე დაფა, რომელიც იქნება ორმხრივი სტენდით, განათებით. სატენდერო ერთ-ერთი პირობა იქნება, რომ დიზაინში გათვალისწინებული იყოს ვაზის დეკორი, რადგან ყველაზე მეტი ღონისიება არის შემოდგომაზე, რთველის პერიოდში, როდესაც ალავერდობაა და ფესტივალების კასკადია. გარდა ამისა დაფები უნდა იყოს მყარი და დამზადდეს უჟანგავი ლითონისგან. სააფიშე დაფების განთავსება მიზნად ისახავს, რომ ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას. ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარდა, რომ ადამიანებს აღარ აქვთ იმის ფუფუნება, საათობრივად ისხდნენ ტელე-ეკრანებთან, შეიძინონ ჟურნალ-გაზეთები. ისინი გაცილებით დიდ დროს ატარებენ კომპიუტერის ეკრანებთან, მაგრამ ამ ინფორმაციულ ნაკადში რაღაც ინფორმაცია გამოეპარებათ ხოლმე. თელაველები ფეხით გადაადგილებისას დაფების მეშვეობის შეიტყობენ, თუ რა არის ქალაქში დაგეგმილი კვირის და თუნდაც თვის განმავლობაში. სააფიშე დაფა ჩვენი კიულტურული ცხოვრებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ქალაში იმართება ღონისძიება, რომელიც არ არის ღირსეულად შეფუთული, არ უნდა იყოს მისი ღირებულად აღქმის მოლოდინი. როდესაც აფიშა არის მიწეპებული რომელიღაც შენობის ფასადზე, მახინჯდება ქალაქის იერსახე“, – განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა. 
სააფიშე დაფების განთავსების ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით თელავის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გაიმარჯვა შპს თელავის რაიონის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიურომ, რომელმაც ბიურო პლატონ კალმახელიძის უწყებას უახლოეს მომავალში უნდა წარუდგინოს აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ხარჯთაღრიცხვა.