თელავში ეროვნული გამოცდების ელექტრონული ფორმატის აპრობაცია გაიმართა
ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას გულისხმობს. ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თელავის მე-8 საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდების აპრობაცია გაიმართა. პილოტირების დროს ჩატარდა პროცესის სრული იმიტაცია, რომლის მიზანია იყო იმ ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების აპრობაცია, რომლებითაც ჩატარდება 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აპრობაციის შედეგად განისაზღვრება, არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი რისკფაქტორი ასეთი სახის გამოცდის ჩატარებისას და შემუშავდება ოპერატიული რეაგირებისა და ვითარების მყისიერად გამოსწორების კონკრეტული გზები. უწყების დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიზანი და მიზეზიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოცდის სრულად ელექტრონული ფორმატის დანერგვაა. მისივე თქმით, გამოცდის ამ ფორმატის ჩატარებაზე გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება.
“ჩვენ ვსაუბრობთ ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე. პირველი ეტაპი ტესტის ბუკლეტების მიწოდებას ითვალისწინებს, ანუ აბიტურიენტები მხოლო ტესტურ დავალებებს წაიკითხავენ ეკრანზე. თუ 2016 წლის გამოცდაზე ყველაფერი წარმატებით დასრულდა, 2017 წელს დახურულბოლოიან დავალებებს შევავსებინებთ. მათ ასეთი ტიპის დავალებების შედეგები მაშინვე ეცოდინებათ. ეს გასწორების დროს დრამატულად შეამცირებს. ბოლო ეტაპი კი სრულად
კომპიუტერული ტესტირება იქნება, თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა. ნაბეჭდისგან განსხავავებით ელექტრონული ტექსტის შემთხვევაში არ არის შეზღუდული მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის გამოყენება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამარტივებს კონკრეტული დავალების აღქმას. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება დავალების, ტექსტის, გაცილებით ეფექტურად ორგანიზება და მიწოდება კონკრეტული დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით. ელექტრონული პროგრამა ძალიან მარტივი მოსახმარია. ორი ღილაკის გამოყენებაა საჭირო იმისათვის, რომ აპლიკანტმა გვერდიდან გვერდზე გადაფურცლოს ელექტრონული ბუკლეტი”, – განუცხადა knews.ge-ს მაია მიმინოშვილმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპარტამენტის უფროსის დავით ჭანკოტაძის განმარტებით, კომპიუტერზე დავალებების წაკითხვა თვალზე ნეგატიურ ზეგავლენას არ მოახდენს და ამ მხრივ თანამედროვე მოწყობილობები სრულიად დაცულია.
ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ აპრობაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ ელექტრონულად მიწოდებულ ტესტზე მუშაობისას აბიტურიენტს განსაზღვრულზე ცოტა მეტი დრო სჭირდება, ეს გარემოება გამოცდებისათვის გათვალისწინებული იქნება.
2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პასუხების ფურცელთან ერთად აბიტურიენტებს ე.წ. შავი სამუშაოსთვის გათვალისინებულ ფურცლებსაც დაურიგებენ.