პატრიარქი პატიმრების შეწყალების უფლების საკანონმდებლო დონეზე განხილვას არ ითხოვს
საპატრიარქოს განმარტებით, მისი უწმინდესობის განცხადება იყო ემოციურ ფონზე ნათქვამი, რაც არ ნიშნავს ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხილვის მოთხოვნას.
“ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
გუშინ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი დაესწრო რუსთაველის თეატრში პატიმარი ქალების მონაწილეობით შესრულებულ სპექტაკლს, რომლის დასრულების შემდეგ მან ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, მსჯავრდებულების შეწყალების უფლება პატრიარქსაც ჰქონდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, რომ იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიურ როლს შეასრულებს.