გურჯაანში ადამიანის უფლებათა ცენტრი ფილმის ჩვენებას გამართავს
ღონისძიება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 11 დეკემბერს, 14:00 საათზე, თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართება. ნაჩვენები იქნება კეტი ჩევინის და როს კაუფმანის ფილმი E-TEAM – „საგანგებო მისიების გუნდი“, რომელიც მოგვითხრობს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ. კერძოდ, ფილმში ასახულია ორგანიზაციის საგანგებო მისიების გუნდის მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, როგორიცაა: სირია, ლიბია და კოსოვო; გუნდის წევრები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახდენენ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებას.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო გამოძიების დროს აქტიურად იყენებს მათ ანგარიშებს და მტკიცებულებებს. სახელმწიფოები კი ითვალისწინებენ Human Rights Watch-ის მკლევართა შეფასებებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში მიმდინარე სასტიკი დანაშაულების აღსაკვეთად ან შესაჩერებლად.
2014 წელს გადაღებული ფილმი 89 წუთი გრძელდება. მასში მთავარი მოქმედი პირები არიან Human Rights Watch-ის მკვლევარები ანა ნეისტატი (რუსეთის ფედერაცია), ულე სოლვანგი (ნორვეგია), პიტერ ბოკერტი და ფრედ აბრაჰამსი. ფილმი ქართულ ენაზე თარგმნა ადამიანის უფლებათა ცენტრმა.