ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით 17 კანონში ცვლილებები შედის
წულუკიანმა განიხილა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა. ცვლილებათა პაკეტი საქართველოს 17 კანონს შეეხება. ამ ცვლილებების მიღების პირობებში საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, რომელსაც 2014 წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად სტრასბურგში მოაწერა ხელი.
თეა წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის სტამბულის კონვენციასთან, რომლის მიზანია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია, ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივი სივრცის გაფართოება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტი დაეგზავნა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და კერძო სამართლის საბჭოს წევრებს, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს.
თეა წულუკიანი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის განსახილველად რეგიონებში საჯარო დისკუსიებსა და კონსულტაციებს მიმდინარე წლის აგვისტოდან მართავს. შეხვედრების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ გზით დანაშაულის პრევენცია.