ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის ცნობილი მეცნიერი გიორგი ჯავახიშვილი გარდაიცვალა

ჯავახიშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, 1942 წლის 20 დეკემბერს, დაიბადა. მას მშობლები ადრე გარდაეცვალა და ის ბებიამ და პაპამ გაზარდეს. 1960 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 1994 წლის 30 ნოემბერს გიორგი ჯავახიშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “თელავის ლიტერატურული ცხოვრება XVII-XX საუკუნეებში. მას ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სადისერტაციო ნაშრომის ერთი თავი “თელავის ლიტერატურული ბოჰემა” 1998 წელს ცალკე წიგნად გამოსცა. 
“რთული, მაგრამ საინტერესო იყო მისი ცხოვრება და ფართო და მრავალფეროვანი-მისი კვლევის სფერო: ლიტერატურათმცოდნეობა, ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, წიგნთმცოდნეობა, ჟურნალისტიკა.
ოჯახური არქივების კვლევით და წიგნის სიყვარულით გიორგი ჯავახიშვილმა შექმნა იშვიათი პირადი ბიბლიოთეკა, რომლითაც სამართლიანად იამაყებდა ყველა მეცნიერი. თელავი იქცა მისი შეგნებული ცხოვრების სავანედ და მეცნიერული კვლევის მთავარ ნიშანსვეტად. 30 წელიწადზე მეტი მოანდომა ჩვენი ქალაქის ლიტერატურული წარსულის შესწავლას. ხუთასმა გვერდმა ძლივს დაიტია XVII-XX საუკუნეების თელავის ლიტერატურული ცხოვრების ამსახველი ფაქტები და მოვლენები. ცხოვრების დიდი სკოლა კი ღვაწლმოსილმა მეცნიერმა – ასისტენტობიდან დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებამდე – მშობლიურ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა. აქ აღზარდა მან მშობლიური ენის მასწავლებლების მთელი თაობები, რომლებიც დღესაც წარმატებით აგრძელებენ დიდ ტრადიციებს, როგორც უნივერსიტეტში, ასევე- სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების კედლებში. დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ უდიდესი დანაკარგის გამო. ბატონი გოგის ღვაწლი და საქვეყნო საქმე მარად დაუვიწყარი დარჩება”, -ნათქვამია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში, რომელიც უმაღლესის სასწავლებლის ფეისბუქფის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 
გიორგი ჯავახიშვილის ხუთშაბათს, 5 ნოემბერს, 14 საათზე დაკრძალავენ.