ახალი ამბები

ლაგოდეხელი გოგონა ,,ნიჭიერის” ნახევარფინალისტი გახდა

,,ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ სიმღერა საუბარზე ადრე დავიწყე. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ძალიან თბილ კომენტარებს მიწერენ, რაც ძალიან მახარებს.
,,ნიჭიერში” მონაწილეობის მიღება მეგობრებმა და ახლობლებმა მაიძულეს, რადგან სოფელში ვცხოვრობ და სიმღერით აქ ვერაფერს მივაღწევდი”, – განუცხადა,,knews.ge”-ს ბარბარა სამხარაძემ.
ლაგოდეხელი გოგონა ,,ნიჭერის” ჟიურის რჩეული პირველივე ტურში გახდა. ბარბარა სამხარაძე პირველი მონაწილეა, რომელზეც ჟიურის წევრმა გამოიყენა ოქროს ღილაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნახევარფინალში ავტომატურად გადავიდა.
“ნიჭიერი” მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგია, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა და ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის”ეთერში პირველად 2010 წლის 1 თებერვალს გავიდა. Got Talent ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც საიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუს 30-ზე მეტ ქვეყანაში ადევნებენ თვალყურს. “ნიჭიერის” ჟიურის შემადგენლობაში შედიან: “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და რეჟისორი ლევან წულაძე (ჭოლა).

ბარბარა სამხარაძე