ახალი ამბები

დღეს ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. გასაოცარ სულიერებას მამა გაბრიელი ბავშვობიდან ამჟღავნებდა. 12 წლის ასაკში მან კარგად იცოდა სახარება. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლობლები მას მამის სახელს, ვასილს ეძახდნენ. ღირსმა მამამ თბილისის 24-ე ვაჟთა გიმნაზიის ექვსი კლასი დაამთავრა. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ვასილ ურგებაძე ოთხშაბათსა და პარასკევს მარხულობდა და ტაძარში ღვთისმსახურებასაც ესწრებოდა. სწორედ აქ მან შეისწავლა ხუცური დამწერლობა. 1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე უშედეგოდ შეეცადა მის ეზოში ეკლესიის დანგრევას. 
ღირსი მამა დასაწყისში ორი წელი სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. 1955 წელს კი ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჩაჩანიძემ იგი მცირე სქემაში ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა.
რწმენის გამო მამა გაბრიელი კომუნისტურ პერიოდში იდევნებოდა და რამდენჯერმე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. 1965 წლის 1-ელ მაისს მინისტრთა საბჭოს შენობაზე ლენინის 12 მეტრიანი სურათის დაწვის გამო კი იგი თბილისის N1 იზოლატორშიც მოხვდა.
მამა გაბრიელი 50-იან წლებში ბეთანიელ ღირს მამებს, იოანესა და გიორგის დაუკავშირდა. მამა გიორგი (იოანე) მხეიძე მისი სულიერი მოძღვარი იყო. გაბრიელ სალოსი ბოლო წლებში სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა და მეფე მირიან III-ის კოშკში ცხოვრობდა. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ, ბერ-მონაზვნური წესით, ჭილობში გაახვიეს და მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მისი საფლავი 2014 წელს 22 თებერვალს გაიხსნა. ამჟამად წმინდანის წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სისხლი დღემდე უხრწნელია.