ახალი ამბები

ISFED – საგარეჯოს 6 საარჩევნო უბანზე ოქმები ხარვეზებით არის შევსებული

განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეჯოს #2, #13, #45 და #47 საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ამასთანავე ორგანიზაცია #47 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის არასრულყოფილად შევსებაზეც მიუთითებს.
“საგარეჯოს #19 საარჩევნო უბანზე ხარვეზებით არის შევსებული შემაჯამებელი ოქმი. კერძოდ, ოქმში გადაკეთებულია მონაცემი. ამასთან, არ დგება ბალანსი ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გაცემულ ბიულეტენებს შორის და არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა; საგარეჯოს #41 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმში ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გაცემული ბიულეტების რაოდენობას; საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიამ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უარი უთხრა შემაჯამებელი ოქმების ასლების გაცემაზე არჩევნების დღეს და განუცხადა, რომ მხოლოდ ოფიციალური წერილით მიმართვის საფუძველზე გადასცემდა შემაჯამებელი ოქმების ასლებს მეორე დღეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ორგანიზაციამ დამატებითი განმარტებაც გააკეთა მუხროვანის სპეცუბანთან დაკავშირებითაც. “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის ინფორმაციით, მუხროვანის #50 საარჩევნო უბანზე, უბნის დახურვის შემდეგ, საარჩევნო კომისიამ გამოავლინა შეუსაბამობა ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გამოუყენებელ ბიულეტენებს შორის.
“აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთმა რეგისტრატორმა განაცხადა, რომ მან ზედმეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტება დაიწერა. მოცემული დოკუმენტაცია დაილუქა და გადაეცა #13 საარჩევნო უბანს, სადაც უნდა მომხდარიყო კენჭისყრის შედეგების დათვლა და შეჯამება.
ხმების დათვლის დროს აღმოჩნდა, რომ დათვლილი ბიულეტენები ერთით აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. საარჩევნო უბანზე გავრცელდა ვარაუდი, რომ ერთ-ერთ კონვერტში ორი ბიულეტენი იყო მოთავსებული. თუმცა, მთვლელების მიერ კონვერტების გახსნის და ბიულეტენების ამოღების პროცესში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი ვერ ადასტურებს მოცემული ფაქტის ნამდვილობას.
ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყვნენ ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები, რომელთაც სცადეს უბანზე შესვლა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა”, – აღნიშნულია განცხადებაში.