ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოს არჩევნებში თამარ ხიდაშელმა გაიმარჯვა

ცესკოს ინფორმაციით, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს, რომელიც კენჭს იყრიდა პატრიოტთა ალიანსიდან, არჩევნები 559 ხმით მოუგო. 
49+1 უბნის მონაცემებით, ხიდაშელს მხარი დაუჭირა 7540-მა ამომრჩეველმა , რაც 49.5 %-ს შეადგენს. ამომრჩეველთა 45,83 %-მა (6981 ხმა) კი ხმა მისცა ირმა ინაშვილს. შემდეგი პოზიციები კი ასე ნაწილდება: ზურაბ ჯორბენაძე – 0.49% (75 ხმა), მიხეილ ანდღულაძე – 1.81% (276 ხმა), გიორგი დავითაია – 2.35%(358 ხმა). 
თამარ ხიდაშელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა იორმუღანლოს თემში, საგარეჯოს დანარჩენ სოფლებში კი ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ირმა ინაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. 
2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საგარეჯოს ოლქის 49 უბანზე სულ 46082 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 
ცესკოს მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 15 867–მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 34.43%–ია. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 6946 ქალმა, რაც არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეთა რაოდენობის 43,15%-ია.