საჯარო მოხელეებმა გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კარი აუჭედეს
კოჭლოშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტიული ორგანიზაცია აუცილებლად უნდა აიკრძალოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პენიტენციურ სისტემასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში, მუდმივად აწამებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
“ჩვენ ვხედავთ, რომ კარები იქნა აჭედილი და მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება თუ ყველა რეგიონი მოგვბაძავს და ეს იქნება დასაწყისი, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს მიწისაგან პირისა ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ლევან კოჭლოშვილმა.
აქტივისტებმა ოფისის შესასვლელში გააკრეს სიმბოლურად წითელი ლენტი წარწერით „ლიკვიდირებულია“. აქციის დროს პარტიის ოფისში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე არც სამართალდამცავები გამოჩენილან.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები ე.წ. „სამეგრელოს კასრების“ საქმიდან. ვიდეომასალა 2011 წელს არის გადაღებული. ის ამ დრომდე ოფიციალურად მხოლოდ პირთა ვიწრო წრეს ჰქონდა ნანახი დახურულ შეხვედრაზე, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გაიმართა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე უწყების თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად ცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო კამერით იღებდა კოხტა კოდუა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო თერთმეტი პირი და ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებაზე კი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.