გიორგი სამანიშვილი – კახეთში 135 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული (R)
– რით განსხვავდებოდა ეს რთველი წინა წლებისგან, რა პლიუსები და მინუსები ჰქონდა „რთველი 2015“-ს?
– ყურძნის დიდი მოსავალი მოვიდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, წელს მოთხოვნა ნაკლები იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, არის ის, რომ ღვინის ექსპორტი 2014 წელთან შედარებით შემცირდა. გასულ წელს ღვინის კომპანიებმა გაცილებით მეტი ყურძენი შეისყიდეს, ვიდრე გაყიდეს. ამიტომაც, როგორც თეთრ, ისე წითელ ყურძენზე ფასმა დაიკლო, თუმცა აქაც სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, გადამუშავების პრობლემა გადაწყდა.
– სულ რამდენი ტონა გადამუშავდა და რა თანხა შეადგინა?
– დღეის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია ყურძნის რეკორდული რაოდენობა, რომელიც შეადგენს 135 000 ტონამდე. მოსახლეობაში კი 95 მლნ ლარამდე თანხა შევიდა.
– როგორც ვიცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ყურძენი გვიან დამწიფდა და რთველი ამჟამადაც მიმდინარეობს. მუშაობს თუ არა საკოორდინაციო შტაბი კახეთში და ხომ არ შეექმნება ყურძნის ჩაბარების პრობლემა ამ სოფლების მოსახლეობას?
– შტაბი კახეთში გაიხსნა აგვისტოს ბოლოს და დღესაც მუშაობს. სანამ ბოლო კილოგრამი ყურძენი არ გადამუშავდება, შტაბი ღია იქნება თელავსა და გურჯაანში. ამასთან ღია იქნება სახელმწიფო ქარხნები. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურმა რთველმა რაჭაში გადმოინაცვლა და შტაბი აქაც გაიხსნა, კახეთში ყურძნის კრეფა სანამ არ დასრულდება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რთვლის საკოორდინაციო შტაბი ჩართული იქნება ამ პროცესში. მინდა გითხრათ, რომ რაჭის პარალელურად საქართველოში შტაბი კიდევ ორ ადგილას არის.
– აქვე გკითხავთ, სახელმწიფო რაჭაში რა ფასად შეისყიდის ყურძენს და მთლიანობაში რამდენ ტონა მოსავალს ელოდებით?
– რაჭაში რთველი წარმატებით მიმდინარეობს, უკვე ჩაბარებულია 600 ტონაზე მეტი ყურძენი.ამ რეგიონში ყველაზე მეტად გამორჩეულია ყურძნის ჯიშები: ალექსანდროული და მუჯურეთული, რომლისგანაც მზადდება ყველაზე ცნობილი ქართული ღვინო „ხვანჭკარა“. „ხვანჭკარაზე“ არის უფრო მეტი მოთხოვნაც და შესაბამისად, – ფასიც. აქედან გამომდინარე, ალექსანდროულს და მუჯურეთულს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიები ჩაიბარებენ 5 ლარად. თუმცა, აქვე მოჰყავთ სხვა ჯიშები: ძელშავი და რაჭული თეთრა. თეთრი ყურძნის გადამუშავება რაჭაში, ძირითადად, ოჯახებში ხდება, ძელშავიც ადგილზე იწურება ხოლმე, თუმცა თუ ჩასაბარებელი დარჩა ყურძენი,თეთრასაც და ძელშავსაც ჩაიბარებს სახელმწიფო, მაგრამ 70 თეთრად. ზოგადად, მოსავლიანობას რაც შეეხება, ამბროლაურის რაიონში, ე.წ. ხვანჭკარის ზონაში,პროგნოზირებენ, რომ სადღაც 800-დან 1000 ტონამდე ყურძენი დაიკრიფება. აქვე აღსანიშნავია, რომ ფასიდან გამომდინარე, ამ რეგიონში ყურძნის სუბსიდირება არ მოხდება.
– სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყურძნის სარეალიზაციო პუნქტები თითქმის ყველა ქალაქში მოაწყო. გაამართლა თუ არა ამ პუნქტების მოწყობის იდეამ და აპირებთ თუ არა მომავალშიც გააგრძელოთ ეს პრაქტიკა?
– ზუსტ რაოდენობას ვერ დავაკონკრეტებ, რამდენი გასაღდა ამ პუნქტების მეშვეობით, მაგრამ რთვლის დასრულების შემდეგ, გავაკეთებთ საერთო ანალიზს და ციფრებს დავაზუსტებთ. ზოგადად ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ყურძენი გავიდა კახეთიდან ამ ბაზრობებზე, რომელიც კერძო პირებმა შეისყიდეს. მოგეხსენებათ, გასულ წელთან შედარებით, წელს მოსავალი 20-30 პროცენტით მეტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით 10 000 ტონით მეტი გადამუშავდა, მოსახლეობამ ეს ყურძენი მაინც ძირითადად ე.წ. საოჯახო ღვინის წარმოების მიზნით შეისყიდა. ასეთმა ბაზრობებმა, რომლებიც თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში მოეწყო, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ყურძნის გაყიდვის პროცესს. ვფიქრობ, რომ კარგი პრაქტიკაა და მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ მსგავი პუნქტების მოწყობას.
– რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, რა მდგომარეობა გვაქვს დღევანდელი მონაცემებით? ვიცით, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზრების ნაწილობრივ დაკეტვის შემდეგ ალტერნატიული გზების მოძიება ხდება.
– სახელმწიფო არამხოლოდ ცდილობს ალტერნატიული ბაზრების მოძიებას, არამედ ხელს უწყობს კერძო სექტორს და ზოგადად, დარგი მთლიანად აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, რასაც ჰქვია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. მიზანი გასაგებია, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ რეგიონზე. მაგალითად, რუსეთის და უკრაინის ბაზრები ძალიან კარგია, ბევრი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა ცდილობს, რომ შევიდეს ამ ბაზარზე მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის სტაბილური ბაზრები. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გავიდეს ქართული ღვინო, რათა უფრო სტაბილური იყოს ექსპორტი და შესაბამისად, ფასებიც. ამ მიმართულებით საექსპორტო ბაზრების სათავეში მაინც რჩებიან რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა, თუმცა ხუთეულში უკვე არის ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყანა-პოლონეთი, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის ძალიან კარგია. ამ მიმართულებით, გაგრძელდება მუშაობა და ზოგადად დარგი ჩართულია, რომ სხვა პოტენციურ ბაზრებზე გაიზარდოს გაყიდვები. გაისად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს დაემატება იაპონია და ბალტიის ქვეყნები, სადაც კერძო სექტორთან ერთად უფრო მეტ მარკეტინგულ აქტივობებს განვახორციელებთ.