თელავში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს
შეხვედრას საპარლამენტო კომიტეტის წევრები, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები – 130.0 მლნ ლარს. ამის გარდა, ევროკავშირი, გრანტის სახით, სხვადასხვა სფეროში რეფორმების განსახორციელებლად125 მილიონ ლარს გამოყოფს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულ სფეროებად გამოყოფილია ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ასევე რეგიონაული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამები.
,,ჩვენ მივდივართ მოსახლეობასთან, ვაცნობთ ბიუჯეტის პროექტს და გვინდა, გავითვალისწინოთ მათი აზრი. შეხვედრები რეგიონებში თელავიდან დავიწყეთ, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მოვისმინეთ სხვადასხვა საკითხების შესახებ მნიშვნელოვანი მოსაზრებები. ჩვენ ვინიშნავთ ყველა შენიშვნას და მოსაზრებას რაც შეხვედრაზე გამოითქმება, მოვუყრით თავს ყველაფერს ერთად და მოვახდენთ საბოლოო განხილვას სხვა კომიტეტებთან ერთად,”- განუცხადა Knews.ge-ს თამაზ მეჭიაურმა.
ქალაქ თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, მსგავსი შეხვედრების ჩატარება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის ფორმირების საკითხებში მოსახლეობის ჩართულობას.
მისივე თქმით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სავარაუდო ცვლილებების შეტანა იგეგმება თელავის მომავალი წლის ბიუჯეტშიც.
,,ვისაუბრეთ თელავის 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ. სავარაუდოდ, გარკვეული რაოდენობა გათანაბრებითი ტრანსფერისა დაიკლებს, ხოლო შემოსავლების ნაწილი იგივე დარჩება რაც საბოლოო ჯამში წინა წელთან შედარებით თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტს მინიმუმ 15%-მდე გაზრდის”,- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საჯარო განხილვები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საჯარო განხილვების პროექტი პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებიტ და USAID/ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI) მხარდაჭრით ხორციელდება.