გამოკითხულთა 48%-ს არაფერი არ სმენია თელავის საკრებულოს თავმჯდომარის შესახებ
კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეების ინფორმირების დონე ყველაზე დაბალი თელავშია. გამოკითხულთა 48% აღნიშნავს, რომ არაფერი სმენია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის შესახებ. არჩილ თხლაშიძის საქმიანობას გამოკითხულთა 14% დადებითად აფასებს, 9% – საშუალოდ, 3% კი ცუდად. თხლაშიძე NDI -ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ტენდენციურად, არასწორი მეთოდით აფასებს მიმდინარე პროცესებს და შემუშავებული კითხვები კი პროვოკაციულია.
“რა თქმა უნდა არ ვენდობი ამ კვლევის შედეგებს. 2012 წლის არჩევნების წინ დადეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას უპირობოდ უნდა გაემარჯვა. ყველამ კარგად დაინახა, რა შედეგიც დაიდო. ეს კვლევები რეალობას არ ასახავს და ტენდენციური ელემენტები აშკარად შეიმჩნევა. კვლევის კითხვებიც არასწორია. მოსახლეობას ეკითხებიან: როგორ აფასებ საკრებულოს მუშაობას? კითხვა პროვოკაციულად დასმულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა სრულყოფილად არ არის გათვითცნობიერებული თვითმმართველობის ფუნქციებში. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია, თვითმმართველობის საქმიანობას ვერ შეაფასებს”, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
NDI-მ გამოკითხვა, ამა წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას შორის, 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.