ახალი ამბები

საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში” ხელოვნების სასახლე გაიხსნა

ხელოვნების სასახლის გახსნის პარალელურად მოეწყო მხატვარ ელენე გამგონიძის ნახატების, კოლეჯ „აისის“ ალვანისა და დედოფლისწყაროს განყოფილების სტუდენტების თექის ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მეღვინის სპეციალობის სტუდენტების მიერ ჩამოსხმული ევროპული და ტრადიციული მეთოდებით დაყენებული ღვინოების, მათ მიერ მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების და საკონსერვო ნაწარმის დეგუსტაცია გაიმართა.
,,ეს დღე ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან აქ ისწავლიან ხელოვნების სპეციალობის სტუდენტები, რომლებსაც ხატვას ცნობილი მხატვარი ელენე გამგონიძე შეასწავლის. გარდა ამისა, აქ მუდმივად გაიმართება სხვადასხვა სახის გამოფენა, შეხვედრა და ის იქნება მნიშვნელოვანი კულტურული კერა. ამ ყველაფრის მიზანია პროფესიული განათლებისა და კერძოდ, სახელოვნებო დარგების განვითარების პოპულარიზაცია”,- განუცხადა knews.ge-ს საოგადოებრივი კოლეჯ “აისის” დირექტორმა, ნათელა პაპუნაშვილმა.
,,აისის” სამეთვალყურეო საჭოს თავმჯდომარე, გიორგი მამულაშვილი ხელოვნების სასახლის გახსნას რეგიონში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სტუდენტებს ხატვის და ფერწერის შესწავლის პარალელურად გამოფენებში მონაწილეობისა და საზოგადოებისათვის საკუთარი ნამუშევრების წარდგენის შესაძლებლობაც ექნებათ.
,,ხელოვნების სასახლე არის დიდი საგანძური და აქ მოსწავლე ახალგაზრდებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს. მათ შეეძლებათ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყონ, მოიწვიონ სტუმრები და საკუთარი ნიჭის პრეზენტირება მოახდინონ. აქ ყველა პირობაა შექნილი ამისთვის”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი მამულაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პოზიტიურ მოვლენად აფასებს საზოგადოებრივ კოლეჯში ხელოვნების მიმართულებით გაძლიერებულ სწავლას და აცხადებს, რომ უწება ყოველთვის ცდილობს, პროფესიული განათლების სისტემა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს დაუახლოვოს.
,,პროფესიულ სასწავლებლებში ხელოვნების მიმართულებით გვაქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელსაც შეიძლება ახალგაზრდა დაეყრდნოს, შეისწავლოს და შემდგომ დასაქმდეს ან სამეწარმეო საქმიანობა წამოიწყოს. სწორედ ამ პროცესების ხელშეწყობა აქვს დაწყებული განათლების და მეცნიერების სამინისტროს. მუდმივად ვუწყობთ ხელს, რომ ჩამოყალიბდეს თანამშრომლობა ევროპულ პროფესიულ სასწავლებლებთან, რომ მოხდეს არა მარტო დაწესებულებების დამეგობრება, არამედ ერთობლივი პროგრამების განხორციელებაც, რომელიც იქნება გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის”,- განუცხადა knews.ge-ს ქეთევან ნატრიაშვილმა.
კოლეჯ “აისმა” დაარსებიდან 35 წლისთავიც აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.