ირაკლი ღარიბაშვილმა რთველში მიიღო მონაწილეობა
პრემიერი, ასევე,კახელ მევენახეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ მათი თვალსაზრისი მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილმა მევენახეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„მთავრობა, უკვე მესამე წელია, ერთსა და იმავე სუბსიდიას გასცემს – თეთრ ყურძენზე – 35 თეთრის, ხოლო საფერავზე – 15 თეთრის ოდენობით. ჩვენი მთავრობის პირობებში, ყურძენს ფასი დაედო, 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, რადგან გლეხს მოტივაცია გაუჩნდა, რომ ღირს ყურძნის მოყვანა. თუნდაც ამ ვითარებაში, მათ 100%-იანი მოგებით შეუძლიათ, გაყიდონ ყურძენი. მოსავალი გაორმაგებულია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, 300 მილიონი ლარი შემოვიდა კახეთში“, – განაცხადა პრემიერმა მევენახეებთან საუბრისას.
ღარიბაშვილი, გურჯაანის რაიონში, კომპანია „კახური ღვინის მარანში” ყურძნის გადამუშავების პროცესსაც დაესწრო. მთავრობის მეთაური ყურძნის ჩაბარების პროცესით დაინტერესდა. ქარხნის ხელმძღვანელობის განცხადებით, წელს მათ 2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი შეუფერხებლად გადაამუშავეს.
შეგახსენებთ, რომ კახეთში რთველი ფერმერების მასობრივი გამოსვლებით დაიწყო. მევენახეებმა მასშტაბური აქცია რამდენჯერმე გამართეს და ყურძნის დაბალი ფასი გააპროტესტეს.
მათ ორჯერ გადაკეტეს თელავი-თბილისის დამაკავშირებელი გურჯაანის მონაკვეთის ცენტრალური მაგისტრალი. სამართალდამცავებმა გზა ორჯერვე ძალის გამოყენებით გახსნეს.