თელავში „საარჩევნო სამართლის“ ონლაინ სასწავლო პროგრამა იწყება
ახალი სასწავლო კურსი – საარჩევნო სამართალი – 10 სასწავლო და 3 პრაქტიკულ ვიდეო-ლექციას მოიცავს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების, ასევე სტუდენტებისა და საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებას. ონლაინ პლატფორმა – www.e-learning.ge – საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს დროის ნაკლები დანახარჯითა და სამუშაოს პარალელურად, მათთვის მოსახერხებელ დროს აიმაღლონ კვალიფიკაცია, მიიღონ ინფორმაცია და მოემზადონ არჩევნებისთვის.
სასწავლო პროგრამაზე სწავლების ორი მეთოდია: თავისუფალი მსმენელი და რეგისტრირებული მონაწილე. ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამის რეგისტრირებული მონაწილეები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა თავისუფალ მსმენელს საშუალება ეძლევა მოისმინოს და იხილონ 13 ვიდეო–ლექცია არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
სასწავლო პროგრამას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით.
„საარჩევნო სამართლის“ ონლაინ სასწავლო პროგრამის უკეთ გაცნობის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე შეხვედრას გამართავს.