სტატიები

გიორგი სამანიშვილი: წლევანდელი რთველი ისევე მიმდინარეობს, როგორც გასულ წლებში (R)

გთავაზობთ ინტერვიუს „რთველი -2015“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი სამანიშვილთან.

– ბატონო გიორგი, რთვლის დაწყებას წინ უსწრებდა საკმაოდ დაძაბული პერიოდი. იყო მანიფესტაციები  ფასების გაზრდის მოთხოვნით, რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე?

– წლევანდელი რთველი ისევე ნორმალურად მიმდინარეობს, როგორც გასულ წლებში იყო. დაგეთანხმებით, წინა პერიოდი იყო დაძაბული, თუმცა მაინც ხდებოდა ფაქტების დრამატიზება მედიის მხრიდან. ამ პერიოდში ყოველთვის არის ნერვიულობა და ფორიაქი; მევენახეები ღელავენ, თუ რა ფასი იქნება და სად ჩააბარებენ მოსავალს. ეს ასე იყო მაშინაც, როცა ყურძენი ღირდა  70 თეთრი და მაშინაც, როცა 3,50-ად აბარებდნენ. უბრალოდ, მოვლენების ზედმეტად პოლიტიზირება მოხდა რთვლის დასაწყისში, ალბათ ამან გამოიწვია ის, რაც ვნახეთ.

ამ ეტაპზე რთველი  აქტიურად მიმდინარეობს, ყურძნის დაახლოებით ერთი მესამედი უკვე დაიკრიფა, საშუალო ფასებიც ჩამოყალიბდა, მაგრამ თელავისა და ყვარლის რაიონებში ყურძენი ახლა შემოდის, ალბათ, აქ კილოგრამის ღირებულება ოდნავ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სიღნაღსა და გურჯაანში. რამდენად მოიმატებს ფასი წინასწარ  თქმა ძნელია, მაგრამ  ტრადიციულად ასე იყო.

– ამ ეტაპზე  რა მინიმალური და მაქსიმალური ფასი დაფიქსირდა?

–  საშუალო ფასი თეთრ ყურძენზე არის 60-70 თეთრი, ხოლო წითელზე 80-90. მინიმუმი, ანუ რომელიც სტიქიამ დააზიანა და მაინც ჩაბარდა- არის 40 თეთრი.  ხოლო მაქსიმუმი კონკრეტულ შემთხვევაში-2 ლარი საფერავზე. იყო შემთხვევები, როცა დაფიქსირდა 6 ლარიც, თუმცა ეს  განსაკუთრებული შემთხვევებია. თუ საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, ჯერ ლარზე  ზემოთ არ ასულა.

სახელმწიფოს რაც შეეხება, ვიბარებთ იმ ფასად, რაც რთვლის დასაწყისშივე გამოცხადდა- ეს არის 60 თეთრი საღ და მწიფე თეთრ ყურძენში და 85 საფერავში, თუ ისიც იქნება საღი.

– ანუ სახელმწიფო ქარხნებშიც ხდება ყურძნის ხარისხის განსაზღვრა?

– წელს არის პირველი შემთხვევა, როცა უხარისხო ყურძენი არ ბარდება მაღალ ფასად.

– ფაქტია, რომ სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში არის ქარხნები, თუმცა ყურძენს მაინც გურჯაანში აბარებენ. მევენახეებს უწევთ რიგში დგომა მთელი დღის განმავლობაში და ინციდენტებიც მოხდა…

–  ორი პრობლემა გამოიკვეთა. სამწუხაროდ,სიღნაღში არის ერთი ღვინის მარანი, რომელიც არმუშაობს და ამიტომ ქირაობს სახელმწიფო. ანუ მთელს რაიონში  ღვინის საშუალო მწარმოებელიც კი არ არის. დედოფლისწყაროში მუშაობს მხოლოდ ერთი, ძალიან მცირე ზომის ღვინის ქარხანა, რომელიც სიმბოლური რაოდენობის ყურძენს იბარებს და რომელსაც ასევე სახელმწიფო ქირაობს. ამ ორ მუნიციპალიტეტში ძირითადი პრობლემაა, ის, რომ არ არსებობს ღვინის ქარხანა, რომელმაც შეიძლება ყურძენში საბაზრო ფასი გადაიხადოს- ასე იყო შარშანაც, ასეა წელსაც.

გურჯაანში სს „კოტეხის ღვინის ქარხანას“ ქირაობს „კახური ტრადიციული მეღვინეობა,“ რომელიც საბაზრო ფასზე 10 თეთრით მეტს იხდის და შესაბამისად, არჩევს ხარისხსაც. აფრთხილებს ყველა მევენახეს, რომ ყურძენი უნდა იყოს მწიფე, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაუმწიფებელი ყურძენი მიაქვთ და ეს იწვევს, იმ გაუგებრობებს, რაც იქ ხდება. რიგს რაც შეეხება, რადგან მაღალი ფასია, ყველა ცდილობს აქ ჩააბაროს. რა თქმა უნდა,  წინა წლების შესაბამისად, მუშაობს წინასწარ ცნობების გაცემის პრაქტიკა, თუმცა ალბათ, უფრო მეტი ცნობებიც გაიცემა, ვიდრე საჭიროა და ასევე პრობლემაა რიგში დგომის კულტურა. რიგს არეგულირებენ როგორც შტაბის წევრები, ასევე პოლიციის წარმომადგენლებიც. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს კომპანია ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს და დღისით ისვენებს.

– ექსპერტების შეფასებით, რაც საქართველოში ყურძენი მოგვყავს, შიდა ბაზრისთვისაც კიარ არის საკმარისი. მაშინ რატომ გვაქვს რეალიზაციის პრობლემა?

– ძალიან კონკრეტულად გიპასუხებთ, რადგან ხშირად ხდება ამის არასწორად ინტერპრეტირება;  საქართველოში ჩვენ გვაქვს იმდენი ყურძენი, რაც ჩვენ გვჭირდება. ექსპორტზე გადის ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის ერთი მესამედი, ძირითადად წითელი ღვინო. თეთრი ყურძენი საქართველოში იმდენია, რასაც ჩვენ მოვიხმართ ღვინის სახით. ამავე დროს, სიღნაღში, ან დედოფლისწყაროში არის იმაზე მეტი ყურძენი, რასაც ჩვენ ვერ ვიბარებთ და  გურიაში, სამეგრელოში ანდა იმერეთში არის მოთხოვნილება ყურძენზე, ღვინოზე,რასაცვერ უზრუნველყოფთ.

ამის მექანიზმი არის უმარტივესი, ეს არის თავისუფალი ბაზარი. წელს, როდესაც ყურძენზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები არ არის,  კახეთს გარეთ გაცილებით მეტი ყურძენი გადის, ვიდრე წინა წლებში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფასი დაარეგულიროს ბაზარმა.

– ფაქტია რომ შიდა ბაზარზე ყურძნის რეალიზაცია  პრობლემაა, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის რეგულაცია?

– ასეთი შედარება რომ გავაკეთოთ, ბოლო ათი წელია, რაც მევენახეს თევზს და არა ბადეს სჩუქნის სახელმწიფო;ასე ვთქვათ, წელს არის გარდატეხის პერიოდი. აქამდე აქცენტი კეთდებოდა ამომრჩეველზე და არა დარგზე, ამ მეთოდით გაცემული საკმაოდ სოლიდური თანხა, დარგს მხოლოდ აზარალებდა. რთველი საკმაოდ ძვირი უჯდება სახელმწიფოს და ეს ფული არც მევენახეებში იწვევს კმაყოფილებას და არც დარგს აჯანსაღებს; პირიქით, ასუსტებს. ბოლო წელია,  ერთი მიმართულება ავირჩიეთ და აქტიურად ვართ ჩაბმული, რომ ცნობადობა გაჩნდეს, მოხდეს ექსპორტის სტიმულირება.

ასევე, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში, ვაკეთებთ კოოპერატივს, იქ  მევენახეები თვითონ ჩაერთვებიან არა მარტო ყურძნის მოყვანის, არამედ, გადამუშავებასა და  ღვინის რეალიზებაში.ეს საშუალებას მისცემს დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხი. როცა მევენახე თვითონ იქნება ღვინის მწარმოებელი, უფრო კარგად მოუვლის ვენახს.

ოფიციალური მონაცემებით,ამ დროისთვის კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 21 მლნ ლარს მიაღწია (ეს თანხაც იზრდება ყოველდღიურად).

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 70 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის 15 საწარმო.