თელავში ქანდაკება ,,შენ ხარ ვენახი“ ძველ ადგილს დაუბრუნდება
ძეგლის დემონტაჟი 3 წლის წინ სკვერის რეაბილიტაციის გამო განხორციელდა.
ქალაქ თელავის მერიაში აცხადებენ, რომ უწყებაში მოსახლეობის განცხადებების შესვლის შემდეგ ძეგლის აღდგენაზე დისკუსიები დაიწყო. ქალაქის მერის, პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნით, ძეგლი ძველ ადგილს დაუბრუნდება.
,,შეხვედრაზე მოსახლეობამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ძეგლი უნდა აღდგეს და დაუბრუნდეს ძველ ადგილს, სადაც ადრე იყო. რაც შეხება ქანდაკების აღდგენით სამუშაოებს, მისი ავტორი მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილი აქტიურ მიიღებს მონაწილეობას, ”- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
,,შენ ხარ ვენახის” ავტორის, მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის განმარტებით, თავდაპირველად უნდა მოხდეს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და დადგინდეს რა სახის დაზიანებები აქვს მას. მისი ვარაუდით, ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია 10 ათასი ლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
,,მოხდა ვანდალიზმი და თელავში ერთ-ერთი სახასიათო ძეგლი მოხსნეს და გადააგდეს. საზოგადოების დიდი მონდომების შემდეგ მისი აღდგენა კვლავ დადგა დღის წესრიგში. თავდაპირველად უნდა მოხდეს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და ის ადგილი სადაც ადრე იდგა, უნდა კეთილმოეწყოს”,- განაცხადა ჯემალ თუშურაშვილმა.
,,თელავის საზოგადოებრივი დარბაზის“ გამგეობის თავმჯდომარის, ჯუმბერ სახეიშვილის თქმით, ძეგლის აღდგენის ინიციატივა მისი ორგანიზაციის მხრიდან წამოვიდა. მისივე ინფორმაციით, ,,შენ ხარ ვენახის” აღდგენა და ძველ ადგილზე დაბრუნება ქალაქის მაცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულების გამო.
,,ამ საკითხზე საუბარი დავიწყეთ ჩვენ. მოვძებნეთ გადაგდებული ძეგლი და მოქანდაკესთან ერთად ჩვენი ძალებით ვაპირებდით, აღგვედგინა, მთუმცა ვერ შევძელით. ძალიან მიხარია, რომ შედგა დისკუსია და გადაწყდა, რომ ის ძველ ადგილს დაუბრუნდება,”– განუცხადა knews.ge-ს ჯუმბერ სახეიშვილმა.