რა უჯდება მევენახეს 1 ჰა ვენახის მოვლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მცხოვრები ზურა ვეფხიშვილს 1 ჰექტარზე საფერავის მოვლა 2 270.00 ლარი დაუჯდა. ამ თანხაში შედის ისეთი პროცედურები, როგორიცაა გასხვლა, ნასხლავის გამოტანა და დაწვა; დანორმირება და ფოთლის შეცვლა; გაფურჩქვნა; დაკავება; თავის გადაჭრა; მოხნვა; კულტივაცია, ბალახის შხამ-ქიმიკატები, ბალახის შხამ-ქიმიკატების მოხმარებაში დამხმარე მუშახელი; შეწამლვა; ზამთრის სასუქი; სარების შესყიდვა; სარ-მავთულის რემონტი; ყურძნის დაკრეფა და გამოზიდვა; ყურძნის ჩასაბარებლად ტრანსპორტის დაქირავება.
იგივე ფართობზე განსხვავებული ყურძნის ჯიშის ვენახების მოვლა ყველას სხვადასხვა თანხა უჯდება, რადგან განსხვავებული ყურძნის ჯიშის ვენახები სხვადასხვა რაოდენობის მოსავალს იძლევა. ვენახის მოვლისა და რთვლის პროცესში სხვადასხვა ჯიშის ყურძნით გაშენებული ვენახები რესურსებს სხვადასხვა ხარისხით საჭიროებს. ასევე, არის სხვა ფაქტორებიც. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
ყურძნის ჯიში
– ერთი და იმავე ფართობის, მაგრამ განსხვავებული ყურძნის ჯიშის ვენახები სხვადასხვა რაოდენობის მოსავალს იძლევა.
– ვენახის მოვლისა და რთვლის პროცესში სხვადასხვა ჯიშის ყურძნით გაშენებული ვენახები რესურსებს სხვადასხვა ხარისხით საჭიროებს, მაგალითად, მწვანე ოპერაციებში საფერავი გაცილებით მეტ მუშახელს ითხოვს, ვიდრე – რქაწითელი.
ვენახის მდებარეობა
– ადგილობრივი მიკროკლიმატი და ნიადაგების სპეციფიკა ვენახის მოვლის (შეწამლვა, მოხნვა, კულტივაცია, მორწყვა და სხვ.) განსხვავებულ ხარისხს ითხოვს. ეს კი, ცხადია, ხარჯებშიც აისახება.
– ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზე დამოკიდებულია ვენახის მოსავლიანობა.
-მუშახელის ანაზღაურება და ტრანსპორტის მომსახურება რამდენადმე განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით.
ვენახის ფართობი
-მცირე მევენახეებთან მუშახელი მეტ შრომით ანაზღაურებას ითხოვს, ვიდრე – დიდ საწარმოებთან, სადაც მათ სტაბილურ ანაზღაურებას სთავაზობენ.
-იმ მევენახეებს, ვისაც მიწის გადასახადი ეკისრებათ, ფართობის პროპორციულად ეზრდებათ გადასახადი.
ვენახის ასაკი
-ვენახის ასაკი კავშირშია მის მოსავლიანობასთან.
– ძველი ვენახების მფლობელები სახელმწიფოს მიწის გადასახადებს არ უხდიან, ახალი ვენახების მფლობელებს აღნიშნული ხარჯი ეკისრებათ.
ფასების ცვლილებას, ცხადია, განაპირობებს ის ფაქტორი, თუ რამდენადაა ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ესა თუ ის მევენახე. მაგალითად, თუ ზოგიერთი მათგანი ტექნიკის დახმარებით წამლავს ვენახს (მათ შორის კი – მავანს თავად ჰყავს ტრაქტორი, ან – ქირაობს მას), სხვა, შესაძლოა, ხელის შრომით (მუშახელით, ან თავად) აგვარებდეს ამ პრობლემას და ა.შ.
ზოგიერთი მევენახე საკუთარ ვენახს თავად უვლის. ცხადია, მისი შრომის შეფასება რთულია და ეს ფაქტორი მსგავს კალკულაციებში მხედველობის მიღმა რჩება. ამიტომ ჩვენი ყურადღების ფოკუსში ის ადამიანები მოექცნენ, რომლებიც ვენახის მოვლაში მუშახელს ქირაობენ. ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ფაქტორი საბოლოო მონაცემებში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.
ყურძნის თვითღირებულების დათვლებს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებიც (მაგ. მედია, ბანკები) უძღვებიან, თუმცა მათში არ არის გათვალისწინებული ის ფაქტორები, რამაც, შესაძლოა, ფასებში სხვაობები განაპირობოს რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ.
წყარო:vinoge.com