ახალი ამბები

თესაუს ყოფილი რექტორის საქმეზე გადაწყვეტილება სასამრთლომ შესაძლოა დღეს გამოაცხადოს

ავთანდილ ღელაღუტაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესი ხუთი თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო და საქმის განხილვა განზრახ ჭიანურდებოდა. თელავის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორიგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს სასამრთლოში უჩივის. ის მიიჩნევს, რომ უწყებამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. 
„მოსამართლემ ბოლო სხდომა დანიშნა 4 აგვისტოს, თუმცა უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის ჯუმბერ მაილაშვილის გამო გადაიდო სასამართლო პროცესი, რადგან მას ჰქონდა თელავში სხვა საქმის განხილვა და თბილისში ვერ ჩამოვიდა. მოსამართლის შემოთავაზება იყო 10 აგვისტოს ჩანიშნულიყო სხდომა, თუმცა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის იურისტმა თვის ბოლომდე ქალაქში არ ყოფნის გამო უარი თქვა ამ თარიღზე. შემდეგ მოსამართლემ თქვა, რომ 20 აგვისტოს შემდეგ შვებულებაში გადიოდა და ამიტომ ჩაინიშნა 21 სექტემბერს. ეს ორი თვე პროცესი გადაიდო. მანამდეც 20 ივნისს მოსამართლე ქალაქში არ იმყოფებოდა. ერთხელ ჩემი ადვოკატის მიზეზით გადაიდო, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ამ საქმის გაჭიანურება სპეციალურად მიმდინარეობს, თუმცა მე ამას ვერ დავამტკიცებ, რადგან შესაბამისი მტკიცებულება არ მაქვს“, – განუცხადა knews.ge-ს ავთანდილ ღელაღუტაშვილმა. 
2014 წლის 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.
მოსამართლის გადაწყვეტყილების გამოცხადებამდე თელავის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რომელსაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა შიოშვილი ხელმძღვანელობდა, რექტორის არჩევნები დანიშნა. 2015 წლის 20 მარტს კი თესაუს ხუთკაციანმა აკადემიურმა საბჭომ რექტორად ირმა შიოშვილი 4 წლის ვადით აირჩია.