ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი თუშეთის ბოჭორნა იქნება
თუშეთის სოფელ ბოჭორნას შესაძლოა, ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭოს. სტატუსის მისანიჭებლად გეოგრაფები საკითხს ადგილზე სწავლობენ, რის შემდეგაც ინიციატივას შესაბამის უწყებებს წარუდგენენ.
თსუ-ს პროფესორი გიორგი დვალაშვილი სოფელ ბოჭორნაში იმყოფებოდა, რომელმაც სპეციალური ხელსაწყოთი პუნქტის სიმაღლე გაზომა. მისი მტკიცებით, ბოჭორნა საქართველოში დასახლებულ ადგილებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ წერტილზე 2 327 მეტრზე მდებარეობს.
დვალაშვილი სოფლისთვის სათანადო სტატუსის მინიჭებას ითხოვს და აცხადებს, რომ ბოჭორნა, რომელიც ომალოდან 12 კილომეტრზე მდებარეობს, იმსახურებს ყველაზე მაღალდასახლებულ სოფლად გამოცხადებას.
,,თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის ფარგლებში მდებარე სოფელი ბოჭორნა ბოლო პერიოდის გეოგრაფიული კვლევით საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა 2 327 მეტრს ზემოთ მდებარე სოფლად დაფიქსირდა. საქართველოში ყველაზე მაღალ სოფლად უშგულს ასახელებენ, მასთან შედარებით კი, ბოჭორნა მთელი 200 მეტრით მაღლაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, გამოდის, რომ ბოჭორნა ევროპის ყველაზე მაღალ სოფლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბოჭორნა თითქმის 200 მეტრით უსწრებს ევროპის უმაღლეს სოფლებს, მაგალითად, შვეიცარიაში ერთი ასეთი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 2 150 მეტრზე მდებარეობს’’,- აცხადებს დვალაშვილი.
თსუ-ს პროფესორის თქმით, ევროპაში ყველაზე მაღალდასახლებული სოფლის სტატუსის მინიჭება ბოჭორნას ტურისტულ ცენტრად აქცევს და მის მიმართ ტურისტების ინტერესს გაზრდის, რაც სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს.
-,,თუშეთში ბევრი უცხოელი და ქართველი ტურისტი მიდის. სოფლის განვითარებითვის დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ დაიდგმება აბრა, რომ ეს არის ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელი. ეს კი უცხოელი ტურისტის ინტერესს გაზრდის. ჩემი აზრით, ბოჭორნას ნამდვილად ესაჭიროება იმ რეალური სტატუსის მინიჭება, რაც არის.‘’
73 წლის ირაკლი ხვედაგურიძე სოფელ ბოჭორნაში ცხოვრობს, იგი მეოთხე წელია, მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ თუშეთის სოფლებში ექიმად მუშაობს. იგი სოფელს 2011 წელს დაუბრუნდა და მისი დახმარებით ბოჭორნამ სოფლის სტატუსი აღიდგინა. მისი თქმით, ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსის მინიჭების შემდეგ ბოჭორნას სხვა მოსახლეებიც დაუბრუნდებიან.
-,,ზამთარში სოფელში მარტო ვარ. ვძლებ იმიტომ, რომ მთაში, თუშეთში დავიბადე, გავიზარდე და დავბერდი. ჩემთვის თუშეთი ის გარემოა, სადაც ყველაზე მეტად მიმიწევს გული, თანაც ისეთი პროფესია მაქვს, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ვემსახურო და ისედაც, გაჭირვების დროს, თუკი დავჭირდი, ფიზიკურადაც დავეხმარო. ხშირად ხევში ვიღაც გადაიჩეხება ხოლმე და საკაცით უნდა წავიყვანოთ სოფლამდე, ცენტრამდე ან ისეთ ადგილამდე, სადაც ვერტმფრენი შეძლებს დაჯდომას, რომ დაზარალებული კატასტროფის ცენტრში გადავიყვანოთ. სადღაც შეიძლება, უმძიმესი ავადმყოფი იყოს და დავჭირდე. თუშეთი საინფორმაციო ვაკუუმშია, მე კი აქ ის მაძლებინებს, რომ სხვებს ვჭირდები. ‘’
სოფელ ბოჭორნის მკვიდრ გივი ხვედაგურიძის თქმით, ევროპაში ყველაზე მაღალდასახლებული სოფლის სტატუსის მინიჭების შემდეგ ადგილობრივების დაინტერესება, რომ თუშეთში საოჯახო სასტუმროები გახსნან, გაიზრდება.
,,ჩემი აზრით, თუ აღიარებენ, რომ ევროპაში ეს ყველაზე მაღალი სოფელია, ტურისტები მეტად დაინტერესებიან. ეს კი არა მარტო ჩემი სოფლისთვის, არამედ მთელი თუშეთისთვის იქნება სასიკეთო. გარდა ამისა, სოფელი ზამთარში აღარ დაიცლება და ადგილობრივებს უფრო მეტი სტიმული ექნებათ, გააკეთონ საოჯახო სასტუმროები. თუშეთი ისეთი ადგილია ტურისტი ყველა სეზონზე ეყოლება და ამით მოსახლეობის შემოსავალიც გაიზრდება’’- განაცხადა გივი ხვედაგურიძემ.
თუში ირაკლი მიშიძე ბოჭორნაში საკუთარ სახლს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობს, იგი ამბობს, რომ ბოჭორნასთვის სტატუსის მინიჭება რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. იგი აპირებს, რომ სოფელში, როგორც მოსახლე ჩაეწეროს და მისი მკვიდრი გახდეს.
,,პუნქტის სიმაღლის გაზომის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩემი სახლის წინ ფიქსირდება ყველაზე მაღალი წერტილი. ეს ფაქტი უკვე დიდი ხანია ჩვენთვის ცნობილი იყო, მაგრამ საჯაროდ მხოლოდ ახლა აღიარეს, რაც დასანანია. ჩემი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ბოჭორნა აღნიშნულ სტატუსს მიიღებს, მოხდება მისი პოპულარიზაცია და მეტი ყურადღება მიექცევა სოფელს. მე პირადად გადაწყვეტილი მაქვს, იქ ჩავეწერო და ვიყო იქაური მკვიდრი, რამდენად შევძლებ მუდმივად იქ ვიცხოვრო, არ ვიცი’’,- განაცხადა ირაკლი მიშიძემ.