იდეოლოგიათა დაპირისპირება საგარეჯოში – ვინ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი?
შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში ნაციონალური მოძრაობაც დარეგისტრირდა, თუმცა ყოფილ სახელისუფლებო პარტიას კანდიდატი არ ეყოლება და მხოლოდ უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს. პროფესიით იურისტი თამარ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ინგლისში 2005-2006 წლებში სწავლობდა. მას, არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს. კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატის განცხადებით, სოროსის ფონდის ხელშეწყობით არაერთ პროექტის გამხორციელებაში მონაწილეობდა.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მედია კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი იყო. 2012 წელს მან პარტია ,,პატრიოტთა ალიანსი” დაარსა . 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ირმა ინაშვილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნული პოლიტიკური ძალიდან იყო.
მმართველი კოალიციისა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია
„იდეოლოგიათა ჭიდილი“,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგარეჯოში მოსალოდნელი საპარლამენტო შუალედური არჩევნები. პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურ იდეოლოგიას მმართველი კოალიციიდან დაუპირისპირდება თამარ ხიდაშელი, რომელმაც გადაწყვეტილება ორიოდე კვირის წინ მიიღო. სახელისუფლებო კოალიციის კანდიდატი იზიარებს თანაპარტიელის დავით უსუფაშვილის პოზიციას და აცხადებს, რომ მას უპირისპირდება განსხვავებულ პოლიტიკურ პოლუსზე მყოფი ირმა ინაშვილი. ხიდაშელის განმარტებით, კოალიციის პოლიტიკური ორიენტაცია და იდეოლოგია პროდასავლურია, რომელიც ითვალისწინებს ევროპასთან მჭიდრო ურთიერთიბებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებას. მმართველი პარტიის კანდიდატის შეფასებით, სწორად გაგებული პროდასავლური კურსი არ გულისხმობს დასავლური სახელმწიფოების ინტერესებში გატარებულ საგარეო პოლიტიკას. ეს უპირველეს ყოვლისა არის საზოგადოებრივი ინსტიტუტების იმგვარად მოწყობა, რომ ეს უკანასკნელნი ინდივიდის, მოქალაქის სამსახურში იდგნენ და არა პირიქით. ხიდაშელი უალტერნატოვო კანდიდატად მიიჩნევს თავს და არჩევნებში დამარცხებას გამორიცხავს.
„კოალიციის საგარეო პოლიტიკური ვექტორი არის ძალიან ნათელი. ეს არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკვეთრი გზავნილი. ამ კურსიდან გადახვევა არ მომხდარა. რაც შეეხება ჩემი კონკურენტის პოლიტიკურ ორიენტაციას. ეს არის მერყევი და მიდგომა ასეთია: მოდი დავიცადოთ, შევხედოთ და ა.შ. მე ამას ვუწოდებ ნაციონალისტურ პოლიტიკას. ის არის გაურკვეველი, ჩამოუყალიბებლი ვექტორთან დაკავშირებით. ეს იგულისხმება იდეოლოგიების ბრძოლაში“, – აცხადებს ხიდაშელი გაზეთ „კახეთის ხმასთან“ საუბრისას.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილიც თანხმდება იმ აზრზე, რომ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ძალები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს არჩევნებზე. ინაშვილის განმარტებით, მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლურ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერის შეფასებით, მმართველი გუნდი დასავლური ღირებულებებში გულისხმობს აშშ-ის სრულ მორჩილებას. მისთვის კი პროდასავლური კურსი ქვეყნის რეალური თავისუფლებით განისაზღვრება.
“ჩემი ვექტორი და კომპასიც საქართველოა. სწორედაც რომ გარკვეული ვარ ჩემს გეზსა და ვექტორში. საქართველოს ვხედავ არა როგორც რუსეთის ერთ- ერთ გუბერნიას, ან შეერთებული შტატების ერთ- ერთ შტატს, არამედ როგორც რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანად. ამ გზაზე ვისაუბრებთ ყველა სახელმწიფოსთან, მაგრამ დიალოგის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოს ინტერესი. საქართველო უნდა იქცეს დიდი შეთანხმებების ცენტრად, აქ უნდა დასრულდეს ამერიკა- რუსეთის ინტერესების ჭიდილი, უნდა გაიმარჯვოს საქართველოს ინტერესმა დასავლურ კურსში და დასავლურ ფასეულობებში არ იგულისხმება შენი ეროვნული ინტერესების იგნორირება და სხვა ქვეყნებისადმი დამონება”, – განმარტავს ინაშვილი.
მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო გზავნილები
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ამბობს, რომ საგარეჯო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებით არის დასახლებული, ამიტომ მათ ინტეგრაციაზე ზრუნვა და ადამიანის უფლებების დაცვა მისი ერთჶერთი მთავარი პრიორიტეტია.
თამარ ხიდაშელი ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის თავისი წინამორბედის, წინასაარჩევნო დაპირებების ბოლომდე მიყვანის პირობას დებს.
მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში ქალთა საკონსულტაციო ცენტრის დაფუძნებასაც გეგმავს.
„როდესაც ვსაუბრობ თინა ხიდაშელის დაპირებების ბოლომდე მიყვანაზე, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებები. თინა ხიდაშელს ჰქონდა ბევრი დაპირება, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების მშნებლობას უკავშირდებოდა. ჩემი დაპირება ძალიან კონკრეტულია. მე ვიქნები ყველა საგარეჯოელის უფლებების დამცველი პარლამენტში. ასევე ქალთა უფლებების დაცვა იქნება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი.
ქალების პრობლემატიკა აქტუალურია და მაშინ, როდესაც ქალი განეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, ეს პრობლემები ორმაგდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვაყალიბო საკონსულტაციო ცენტრი ქალებისათვის, რომლებიც განიცდიან ძალადობას. ეს არის ერთჶერთი კონკრეტული პროექტი, რომელზეც ვფიქრობ, თუმცა ამისთვის აუცილებელია რესურსების მოძიება. მე, ასევე, შევისწავლი ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის დეტალებს და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებ გამოძიებასთან “, – განმარტავს ხიდაშელი.
სახელისუფლებო კანდიდატი ირმა ინაშვილის ერთჶერთი მთავარი პრიორიტეტული ამოცანა ადამიანის და, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება.
ინაშვილი ამბობს, რომ იქნება თითოეული საგარეჯოელის ხმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ის საარჩევნო პროგრამას მოსახლეობასთან ერთად წერს და ამავე დროს ხმამაღალ დაპირებებს არ გასცემს.
ინაშვილის საარჩევო შტაბი საგარეჯოს ყველა სოფელში ქმნის სათათბიროებს, დეპუტატის საკონსულტაციო საბჭოებს, სადაც ადგილობრივები გაწევრიანდებიან და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს თავად ჩამოაყალიბებენ.
„საგარეჯოში მივდივარ იმიტომ რომ ხალხს დაუბრუნდეს იმედი. მე საგარეჯოს სოფლებში ვხედავ სასოწარკვეთილ უიმედო ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ აღარავის აღარ სჯერათ. მინდა ვუთხრა ყველა მათგანს, რომ მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებულებს შეგვიძლია გავაკეთოთ პატარ-პატარა საქმეები. მე არ მექნება მყვირალა ლოზუნგები და არ ვაპირებ დროშებით სირბილს. მინდა, რომ ეს კამპანია იყოს ძალიან მოკრძალებული.
მე საგარეჯოში მოვდივარ საგარეჯოელების დასახმარებლად და მათ გვერდით რომ ვიყო. პარლამენტში ვიქნები ქართველების და საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების -აზერბაიჯანელების, უკრაინელების, ბერძნების, რუსების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების ხმა“, – აცხადებს გაზეთ „კახეთის ხმასთან“ საუბრისას ირმა ინაშვილი.
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატობის კანდიდატიც გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მზადაა ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთობით იზრუნოს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა თვითმმართველობის კომპეტენციაში არ ჩაერევა. გამარჯვების შემთხვევაში ინაშვილი საგარეჯოში აპირებს ქართული ჟურნალისტიკის სკოლისა და საჯარო სკოლის ბაზაზე სასწავლო ტელევიზიის დაარსებასაც გეგმავს:
„საგარეჯოს სოფლებში ეკონომიური სიდუხჭირეა. მე ვხედავ, რომ ამ სოფლებისათვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, მაგრამ ბევრი საკითხი გადასაწყვეტია. ერთსა და იმავე პროექტზე თანხა რამდენჯერმეა გახარჯული. ისეთი სოფლებიც ვნახე, სადაც გამგებელი კარგად მუშაობს. ყოფითი პრობლემების მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, მაგრამ დეპუტატმა ხელისუფლებასთან ერთად უნდა იმუშაოს. მე არ მინდა, რომ დეპუტატი იყოს იზოლირებული ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ პრობლემები ადგილობრივ დონეზე და საქართველოს პარლამენტშიც“, აღნიშნავს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
საგარეჯოში საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდბებლი კანდიდატი გიორგი დავითაიაც, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამიტომ, არც ინაშვილი და არც ხიდაშელი მას რეალურ კონკურენტად არ აღიქვამენ.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დარეგისტრირდა. ყოფილი მმართველი პარტია აქამდე შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა.
ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებში მონაწილეობას უფასო სარეკლამო დროით სარგებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ეყოლებათ. 31 ოქტომბერს გაირკვევა რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენელი იქნება საგარეჯოელების ხმა პარლამენტში.
არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა.