ოთარ დანელია – არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება
“ჩვენთვის მევენახე პრიორიტეტულია. მიუხედავად ამისა, არც კერძო ბიზნესის დაზარალებას ვაპირებთ. განსხვავება დღევანდელსა და წინა ხელისუფლებას შორის არის ის, რომ ჩვენ არ მოვახდენთ ზემოქმედებას კერძო კომპანიებზე და არ დავადგენთ ყურძნის ფასს. სახელმწიფო კერძო ბიზნესის კონკურენტი არავითარ შემთხვევაში არ გახდება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყურძნის დიდი რაოდენობა სიმწიფეში არ შესულა და მევენახეებს მოუწოდა, ყურძნის კონდიციაში შესვლამდე რთველი არ დაიწყონ. დანელია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობას გაეცნო, მევენახეებ შეხვდა და კოტეხისა და ჭანდრის ღვინის ქარხნებში ყურძნის გადამუშავების პროცესს დაესწრო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის ღვინის ქარხნის დირექტორის გიორგი ზაკალაშვილის თქმით, საწარმო რთველის მიმდინარე სეზონზე 10 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. მისივე განცხადებით, ქარხანა უკვე იბარებს, როგორც დაზიანებულ/დასეტყვილ, ისე სიმწიფეში შესულ ხარისხიან ყურძენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,13 სექტემბრის მონაცემებით, 7 000 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია.
რთველი 2015–ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ყურძენს ამუშავებს ღვინის მწარმოებელი 19 საწარმო და მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ქარხანა.