სოფელ გავაზში მევენახეები საპროტესტო აქციას მართავენ
მევენახეების განცხადებით, ყურძენზე დღეისთვის არსებული ფასები უნდა გადაიხედოს და სახელმწიფომ საფერავი – ლარნახევარად, რქაწითელი კი ლარად უნდა ჩაიბაროს.
გავაზში მევენახეებთან შესახვედრად ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. მანამდე გიორგი სამანიშვილი გურჯაანში მევენახეებს შეხვდა. მისი თქმით, ამ დროისათვის 19 გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, საიდანაც 4 სახელმწიფოა. სამანიშვილის თქმითვე, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასები არ გადაიხედება.
მევენახეების საპროტესტო აქცია დღეს გურჯაანში და საგარეჯოში ადმინისტრაციულ შენობებთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გუბერნატორთან და კახეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მევენახეები მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.