სოფელ კარდენახში ყურძნის დაბალ ფასთან დაკავშირებით გზა გადაკეტეს
ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ღვინის ქარხნებთან შუამდგომლობის გაწევას სთხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ღვინის კომპანიები ყურძენს ერთ ლარზე ნაკლებ ფასად ჩაიბარებენ, მოსავალს არ დაკრეფენ. მევენახეების თქმით, რთველი რამდენიმე დღეში დაიწყება და ღვინის ქარხნები ყურძნის ჩასაბარებლად მზად არ არიან.
,,უკმაყოფილოები ვართ. ასეთი დაბალი ფასი ბოლო რამდენიმე წელია, არ მახსოვს. არის სოფლები, სადაც ყურძენი დასაკრეფია. ქარხნები კი დაკეტილია. არ ვიცით რომელი ქარხანა რამდენ ყურძენს მიიღებს და რა ფასად. რა ფასადაც აპირებენ ქარხნები ყირძნის ცაბარებას, მოვლის ხარჯებსაც ვერ აანაზღაურებს. ბანკიდან კრედიტი მაქვს გამოტანილი და არ ვიცი როგორ დავფარო”, – განაცხადა მახო დოლენჯაშვილმა.
knews.ge-ს ,,რთველი 2015“ -ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა განუცხადა, რომ არც ერთ მევენახეს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
,,მინდა აღვნიშნო, რომ ღვინის კომპანიები 10 რიცხვიდან დაიწყებენ ყურძნის მიღებას. დღეის მდგომარეობით, რთველის შტაბში დარეგისტრირებულია 51 ღვინის კომპანია. რაც შეეხება ფასს, ამას ბაზარი დაადგენს. სახელმწიფო მის რეგულაციაში არ ერევა. მევენახე და ღვინის კომპანიის წარმომადგენელი თვად თანხმდებიან ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხსა და რაოდენაბზე, ისევე როგორც მის ფასზე”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სამანიშვილი.
მევენახეებმა საპროტესტო აქცია სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირშიც გამართეს.