თელავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციების გამართვას მერიასთან გეგმავენ
თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს. მათ, პროტესტის ნიშნად, ბაზრის მიმდებარე საავტომობილო გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცა. ისინი პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
გარემოვაჭრეების განცხადებით, მათ სოფლიდან მიტანილი საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის უფლებას არ აძლევენ. ისინი ამბობენ, რომ ვაჭრობა მათთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
„მშივრები ვართ. ჩვენც ხომ გვყავს ოჯახები და გვინდა არსებობა. ჩვენი ნაშრომი, ერთი ვედრო იქნება თუ ხუთი კილო, გაგვაყიდინონ. მეტს ხომ არაფერს არ ვითხოვთ? ბაზარში მოვაჭრეები არავინ არ გვაჩერებენ და გვავიწროვებენ“, – განუცახდეს Knews.ge-ს გარემოვაჭრეებმა.
თელავის ვიცე მერის თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობა არ დაიშვება. მთვარელიშვილის თქმით, თელავის მერიამ გარემოვაჭრეებს თავიანთი პროდუქციის რეალიზაციისათვის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზა. გარემოვაჭრეები ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ.
„დიდი ხანია, რაც გარევაჭრობა თელავში აკრძალულია. ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაა, რომ იყოს ნორმალური პირობები და ტროტუარებზე ანტისანიტარული ნორმების დარღვევით არ იყიდებოდეს ყველი, ხილი და ა.შ. ეს პროდუქტები ყრია ქუჩაში და ჩვენი სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია. ყველა უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს. გარემოვაჭრეებს შევთავაზეთ, რომ შესულიყვნენ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც საკმაოდ დიდი ფართია და იქ შეუძლიათ აწარმოონ თავიანთი საქმიანობა“, – განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.