თელავში სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ
„ძალიან ცუდი გრაფიკია. სამ დღეში ერთხელ მოგვდის წყალი და ისიც არა. 800 ლიტრიან ბაკებსაც კი ვერ ვავსებთ. XXI საუკუნეში რომ წყალი გაგვიხდება სანატრებელი რაღა უნდა ვთქვათ?“, – განუცხადეს knews.ge-ს ბოჭორიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა.
ალაზნის გამზირის მაცხოვრებლებმა კი წყლის მიწოდების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს და გზა გადაკეტეს. მოსახლეობის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსებში მაღალ სართულებზე მცხოვრებ ოჯხებს წყალი თვეზე მეტია, რაც არ მიეწოდებათ. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვისცენტრი მოსახლეობას წყალს აღარც ცისტერნებით აწვდის.
„ძალიან ცუდ დღეში ვართ. მთელი თვეა, რაც წყალი არ გვაქვს. პირველ სართულზე მოდის, მეშვიდე და მერვე სართულებზე მაგრამ ვერ ვეზიდებით. ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს ისინი ეზიდებიან კიდეც თავიანთთვის წყალს, მაგრამ ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, მათაც ხომ უნდათ წყალი?“, – განუცხადა Knews.ge-ს ალაზნის გამზირის მაცხოვრებელმა თამარ ხელაშვილმა.
„როდესაც ძალიან გვიჭირს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვისცენტრში ვრეკავ, ტელეფონს მითიშავენ. ასეთი უპასუხისმგებლო სამსახური არ არსებობს“, – განუცხადა Knews.ge-ს ალაზნის გამზირზე მცხოვრებმა ნინო პაპუნაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვისცენტრის ხელმძღვანელი გურამ წულუკიძე ქალაქისათვის შეზღუდული გრაფიკით წყლის მიწოდებას გვალვას უკავშირებს.
ადგილობრივი ხელისუფლება კი თელაველების წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდება. თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, თელავში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით უკვე მიმდინარეობს. პროექტის საერთო ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.