ტურისტების ნაწილი თუშეთშია ჩარჩენილი
ახმეტის გამგებლის განცხადებით„ომალოში დაახლოებით ორმოცამდე ადამიანია დარჩენილი. ამჟამად საავტომობილო გზა ჩახერგილია, ხოლო ფრენა უამინდობის გამო ვერ ხერხდება.
„ ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. როგორც კი გაიხსნება ცა, დარჩენილ ტურისტებსაც ოპერატიულად გადმოვიყვანთ. სავარაუდოდ, 28 აგვისტოს უკვე შესაძლებელი იქნება ფრენის განხორციელება. თუ მანამდე გზა არ გავხსენით, დარჩენილ ადამიანებს ვერტმფრენით გადმოვიყვანთ. ადგილობრივები საკვებით მომარაგებულები არიან და არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ხაზზე ვარ ყოველ წუთს. დღეს მაშველებიც გადავიდნენ ფეხით და მოინახულეს თუშეთში დარჩენილები.“, – განუცხადა ბექა ბაიდაურმა.
20 აგვისტოს, გვიან ღამით, სტიქიის შედეგად ფშაველი-ომალოს გზის 27-ე და 52-ე კილომეტრზე გზა ღვრაცოფმა წაიღო. რამდენიმე მონაკვეთზე კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა ჩამოიშალა, რის გამოც ახმეტის რაიონის მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოსწყდა. სოფელ ხისომდე გზის უმეტესი ნაწილი ქვიშითა და კლდის ნაშალითაა დაფარული. ამ დრომდე თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ისევ აკრძალულია. გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის განცხადებით, ამინდის გაუარესების გამო თუშეთის მიმართულებით ფრენა ვერ ხორციელდება. ბაიდაურის ინფორმაციით, თუშეთიდან 600-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ვერტმფრენით გადმოიყვანეს.