ახალი ამბები

თუშეთიდან 375 ადამიანი ევაკუირებულია

თუშეთში სტიქიის გამო ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო. ვერტმფრენებმა 375 ვიზიტორი თუშეთიდან ახმეტისა და თელავის მიმართულებით უკვე გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელები. ტურისტების გადმოყვანის პროცესს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსი გიორგი რუაძე ხელმძღვანელობენ. რუაძის განცხადებით, ახმეტის მაღალმთიანი დასახლებიდან წამოსვლის მსურველები ეტაპობრივად გადმოჰყავთ და რეგიონში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რათა თუშეთში სტიქიის გამო ჩარჩენილი ყველა ადამიანი უსაფრთხოდ გადმოიყვანონ. 

„ამ წუთისათვის უკვე ჩამოვიყვანეთ 375 ადამიანი. ყველა, ვისაც თუშეთიდან წამოსვლის სურვილი ჰქონდა, ჩამოგვყავს ვერტმფრენით ფშაველამდე და შემდეგ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს თელავში. 60-70 ადამიანს კიდევ გადმოვიყვანთ“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი რუაძემ. 
20 აგვისტოს, გვიან ღამით, სტიქიის შედეგად ფშაველი-ომალოს გზის 27-ე და 52-ე კილომეტრზე გზა ღვრაცოფმა წაიღო. რამდენიმე მონაკვეთზე კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა ჩამოიშალა, რის გამოც ახმეტის რაიონის მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოსწყდა. სოფელ ხისომდე გზის უმეტესი ნაწილი ქვიშითა და კლდის ნაშალითაა დაფარული. ამ დრომდე თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ისევ აკრძალულია. გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.