თუშეთთან დამაკავშირებელი გზა რამდენიმე დღეში გაიხსნება
„ცერის იქით გზა უკვე გაწმენდილი გვაქვს. ყველაზე დიდი დაზიანება გვაქვს ხადარკოს ჩანჩქერთან. აქ უკვე გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი აღვადგინეთ. სამუშაოები დაახლოებით 100 მეტრის რეაბილიტაციისათვის მიმდინარეობს. სავარაუდოდ, 4 დღე მოვუნდებით დარჩენილი მონაკვეთის აღდგენას. თუ ყველადერი დრულიად გაკეთდა და ამინდმაც ხელი შეგვიწყო, გზა 27 აგვისტოს გაიხსნება”, – განუცხადა Knews.ge-ს ოთარ ლეკიშვილმა.
20 აგვისტოს, გვიან ღამით, სტიქიის შედეგად ფშაველი-ომალოს გზის 27-ე და 52-ე კილომეტრზე გზა ღვრაცოფმა წაიღო. რამდენიმე მონაკვეთზე კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა ჩამოიშალა, რის გამოც ახმეტის რაიონის მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოსწყდა. სოფელ ხისომდე გზის უმეტესი ნაწილი ქვიშითა და ლოდებითაა დაფარული. ამ დრომდე თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ისევ აკრძალულია. გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
სტიქიამ თუშეთში დააზიანა კომპანია „მაგთიკომის“ სატელეფონო ანძაც, რის გამოც პირიქითა ხეობასთან მობილური კავშირი გაწყვეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი თუშეთში ჩარჩენილი ვიზიტორების გადმოსაყვანად ვერტმფრენი გამოყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის გიორგი რუაძის განცხადებით, თუშეთიდან ახმეტისა და თელავის მიმართულებით 375 ადამიანია გადმოყვანილი.
ფშაველი-ომალოს ერთადერთი საავტომობილო გზის დაზიანების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო „თუშეთობა 2015“-ის დღესასწაულის აღნიშვნაც, რომელიც სოფელ ომალოში 22-23 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო.