არასამთავრობო ორგანიზაციები “რუსთავი 2”-ის ქონების დაყადაღებას ეხმაურებიან
“ვეხმაურებით სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საკუთრებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში ყველაზე გავლენიანი ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტელეკომპანიის ქონების ნაწილს ყადაღა დაადო. ამ დრომდე კომპანიის კანონიერ თანამესაკუთრეობაზე და მოსალოდნელ სამართლებრივ დავაზე არაერთ პირს განუცხადებია, მათ შორის არა მხოლოდ ტელეკომპანიასთან უშუალოდ დაკავშირებულ, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი. ამ ფონზე, უშუალოდ კომპანიის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს ეჭვი, რომ ამ საქმის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს, რაც წარსულში ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია, ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს არსებობისთვის პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ და ყურადღებით დააკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ მოვლენების განვითარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო.