ახალი ამბები

თელავის ხევი ქალაქს წალეკვით ემუქრება

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ღვარცოფსაწინააღმდეგო დამბების ნაწილი დაზიანებულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. „ჯერ კიდევ 2013 წელს გეოლოგების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ტრანზიტის მონაკვეთი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშია და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყალდიდობისა და ღვარცოფის პრევენციის მიზნით. ღვარცოფული კერების უმეტესობა ფიქსირდება მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. აგრეთვე ფიქსირდება რამდენიმე მეწყერი მარცხენა მხარეს, სადაც გრუნტის შიგა გზა გადის მდინარის სანაპიროს გასწვრივ“, – აცახდებენ სპეციალისტები. 
1978 წელს, ღვარცოფებისაგან ქალაქის დასაცავად, თელავის ხევის კალაპოტის გასწვრივ, ქალაქის სამხრეთით დაუსახლებელ ტერიტორიაზე, აშენდა ღვარცოფსაწინააღმდეგო დამცავი გაბიონი. მისი მიზანია ღვარცოფისა და წყლის ძლიერი ნაკადის შენელება ღვარცოფის ან წყალმოვარდნის დროს.
„ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტი მოწყვლადია წყალდიდობების, წყალმოვარდნების და ღვარცოფების მიმართ. ის ფაქტი,რომ მთლიანად ქალაქი მდებარეობს ღვარცოფულ მასალებზე, ხაზს უსვამს ძლიერი და ეფექტური კატასტროფების რისკის მართვის სისტემის აუცილებლობას“, – განმარტავენ ექსპერტები. 
არასამთავრობო ორგანზიაციამ „თელავი ჩემი ქალაქია” და რაიონში მცხოვრებმა დარგის მკვლევარებმა ქალაქის დატბორვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები შეიმუშავეს. გარემოს დაცვის ექსპერტები განმარატვენ, რომ რეგულარული ტექნიკური მომსახურების არარსებობის გამო კონსტრუქციები დაფარულია მცენარეული საფარით და ხელისუფლებას სასწრაფო გაწმენდითი სამუშაოების დაწყებისაკენ მოუწოდებენ. ისინი თელავის მახლობლად არსებული კონსტრუქციის სერიოზულ დაზიანებაზე საუბრობენ. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ნაგებობის ჩამოშლისგან თავის ასაცილებლად მისი რეაბილიტაციისა და გამაგრების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. აღნიშნული რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა: 
„არხის საძირკველის ბეტონის ფილები ძლიერ დაზიანებულია და საჭიროებს რეკონსტრუქციას; აუცილებელია მდინარის გადაღრმავება; ქვის, ხრეშის, ნატანისა და ნაგვისაგან კი მდინარის კალაპოტის და არხის გაწმენდა; მდ.თელავის ხევის მარჯვენა მხარეს არსებული ღვარცოფული კერისაგან ქალაქის დასაცავად რადიკალურ ღონისძიებად რეკომენდირებულია არსებული კონსტრუქციის იდენტური კონსტრუქციის აგება ქვედა სელდამჭერსა და ქალაქის სამხრეთ კიდეს შორის ამ უკანასკნელთან ახლოს. თუ ეს ღონისძიება ფინანსურ-ტექნიკური თვალსაზრისით პრაქტიკულად ძნელად განსახორციელებელია,მაშინ აუცილებელია ხევის ნაკადი იმგვარად დარეგულირდეს, რომ გადაინაცვლოს მარჯვენა ფერდობის ძირიდან მარცხენა ფერდობისაკენ; მიმდებარე ტყის ზონიდან გამოსატანია ძველი მოჭრილი ხეები; მისასვლელი გზის რეაბილიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს18 მმ სისქის ხრეშის მოყრით, მდინარის კალაპოტის გაწმენდიდან მორჩენილი ნატანი მასალის მეშვეობით, ან დაიგოს ახალი საფარი; აკუმულაციის ზონაში, მდ.ალაზნის ხეობაში კალაპოტი და არხი ნატანისაგან უნდა გათავისუფლდეს; კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და სპეციალური ჯიშის მცენარეებისაგან (თუნდაც აკაციის) გაკეთდება ფიტოდამცავი ნაგებობები. ეს ხეები აიღებენ გაბიონების ფუნქციას; ღვარცოფსაშიშ მდინარეებზე ,რომლებთანაც დაკავშირებულია დასახლებული პუნქტები, გადაუდებლად საჭიროა ადრეული შეტყობინების სისტემის მოწყობა. ადრეულ წლებში არსებობდა ე.წ. “სამობილიზაციო გეგმაც”. შესაძლებელია მისი აღდგენაც”. 
შევარდნაძის ხელისუფლების დროს თელავის გამგებლის პირველი მოადგილის მირიან ყარაულაშვილის ინფორმაციით, ხევის სათავე ნაგებობა 1996 წლის შემდეგ აღარ გაწმენდილა. ის განმარტავს, რომ ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობას ექსპლუატაციაში გადაცემის აქტში მკაცრადაა განსაზღვრული მისი რეგულარული გაწმენდა ინერტული მასალებისაგან, რომლის დარღვევაც ქალაქს დატბორვისა და წალეკვის რეალურ საშიშროებას უქმნის. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს ხევების წელიწადში ერთხელ მაინც გაწმენდის. 
„ხევის სათავე ნაგებობის გაწმენდა პრიორიტეტული საკითხია. თუ წინასწარ არ გაიწმინდა, მოსულმა ღვარცოფმა შეიძლება აადიდოს ხევი, შეუმციროს მას გამტარუნარიანობა და მივიღოთ სავალალო შედეგი“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ჩხობაძემ. 
თელავის მერიაში კი ხევის ადიდების შედეგად ქალაქის დატბორვასა და დამანგრეველ რეზულტატს გამორიცხავენ. პლატონ კალმახელიძის უწყება ხევის სათავე ნაგობობის გაწმენდითი სამუშაოების დაწყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში ახლო მომავალში დაყენების პირობას იძლევა. ქალაქის ხელმძღვანელობას არც იმაზე აქვს პასუხი, რატომ აქამდე არ შეისწავლეს სპეციალისტებმა ეს საკითხი. 
„ეს საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება და 14 ივნისის სტიქიის მსგავსი საფრთხე თელავს ნამდვილად არ ემუქრება. ამაზე სპეციალისტებმა უნდა დაიწყონ მუშაობა, შეაფასონ მდგომარეობა და თუ რა თანხა დაჯდება ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის მერიის პრესსპიკერმა მურად ფანცქალაშვილმა.