თელავში აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
დღესვე თელავის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ზაქარიამ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძეს თქმით, 8 აგვისტო ერთი მხრივ გლოვის, ხოლო მეორე მხრივ კი იმ ადამიანების გახსენების დღეა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად იბრძოდნენ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავი გაწირეს.
,,8 აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი მხრივ ეს არის გლოვის დღე, არის ადამიანების გახსენების დღე, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა, მეორე მხრივ კი არის დღე, რომ დავფიქრდეთ ჩვენს მომავალზე და ავაშენოთ ის ქვეყანა, სადაც ბედნიერები იქნებიან მათი შვილები. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისთვის გაწირეს ამ ადამიანებმა თავი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
კახეთის გუბერნატორის მოადგილის, გივი მეტრეველის განცხადებით, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, ქვეყნისთვის თავდადებული გმირები ახსოვდეს.
,,დღევანდელი დღე მძიმეა ყველასთვის. თელავში მოვედით მემორიალთან და პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს. მათ ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაწირეს თავი. ჩვენ ვალდებულები ვართ, ისინი მუდამ გვახსოვდეს და ვადიდოთ მათი სახელები”, – განაცხადა გივი მეტრეველმა.