თელავში გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ
ღონისძიება, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდების მემორიალთან, 11:00 საათზე დაიწყება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე საქართველოს მოქალაქე.
თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად 169 სამხედრო მოსამსახურე მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი ცხედარი, არც რაიმე მინიშნებაა ცნობილი დაკარგული ადამიანების სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.