ღვინის კომპანიები ყურძნის მცირე რაოდენობას შეისყიდიან
სამანიშვილის განმარტებით, ექსპორტის კლებიდან გამომდინარე წელს, სავარაუდოდ, ყურძნის ჩაბარება გარკვეულ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ სახელმწიფო ჩაერთვება სუბსიდიის პროგრამით. მისივე თქმით, სუბსიდიის მოცულობის საკითხი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
ღვინის კომპანიები knews.ge-სთან აცხადებენ, რომ მათ ღვინის დიდი მარაგი აქვთ. შესაბამისად, ყურძენს ისეთი რაოდენობით ვეღარ შეისყიდიან, როგორც შარშან. კომპანიები ამ ეტაპზე ყურძნის შესყიდვასთან დაკავშირებით ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ.
ჩუმლაყის ღვინის ქარხანას შარშან 2 მილიონი ბოთლი გაჰქონდა ექსპორტზე, წელს კი მხოლოდ 300 000-მდე ბოთლი გაყიდეს. ქარხნის დირექტორი ზაზა ბეჟაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს დოლარის კურსის გამყარებას უკავშირებს. ბეჟაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს ყურძენი აღარ ჩაიბარონ ან მიიღონ მიზერულ ფასად, თუ მეზობელ ქვეყანაში ღვინის გაყიდვის სტატისტიკა არ გაუმჯობესდება.
„მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ძვრები ჩანს, სერიოზული პრობლემაა ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით. 3 თვის განმავლობაში ღვინო არ გაგვიყიდია. ძირითადად რუსეთის ბაზარზე ვართ დამოკიდებულები და იქ არსებული მდგომარეობა კი მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ქართული ღვინის ექსპორტზე“, – განუცხადა Knews.ge-ს ზაზა ბეჟაშვილმა.
ფერმერი გივი ასანიშვილი შიშობს, რომ წელს ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ შემცირდება და ფასიც დაბალი იქნება:
,,გასულ წელს 1 კილოგრამი ყურძენი 2 ლარი ღირდა, მეც მასე ჩავაბარე ერთ-ერთ ქარხანას. წლევანდელი რთველი გლეხისთვის ძალიან რთული იქნება. ღვინის ქარხნები ყურძნის ნაკლებ რაოდენობას მიიღებენ, რადგან ღვინოს ცოტას ყიდიან, აქვთ არარეალიზებული მარაგები. გლეხი, წელს, ყველა შემთხვევაში დაზარალებული დარჩება. უკეთეს შემთხვევაში კი შესაძლოა, ვალები დაფარონ, მოგებაზე საუბარი ზედმეტია,” – განუცხადა Knews.ge-ს გივი ასანიშვილმა.