თელაველები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ
ჩვენ მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობამ გამოყო საგზაო ავტოავარიების შედეგად დაზიანების საკვანძო რისკ-ფაქტორად გადაჭარბებული სიჩქარე, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება. თელაველების განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო ბოლო პერიოდში ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმატა. თათია აივაზაშვილის თქმით, ქალაქში არ არსებობს ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები, რის შედეგედაც ისინი მოძრაობენ გადაჭარბებული სიჩქარით, რომელიც ხშირად ავტოავარიითა და მსხვერპლით მთავრდება.
,,ყოველთვის ვსარგებლობ ,,ზებრა“ გადასასვლელით, თუმცა უშედეგოდ, რადგან ლოდინი მიწევს როდის დამითმობს ვინმე გზას. სკოლაში რომ მივდივარ რამდენი ქუჩის გადაკვეთა მიწევს, ამიტომ ხშირად მაგვიანდება პირველ გაკვეთილზე. გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება თუ ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელებს’’ ცენტრალურ გზებზე დააყენებენ, რადგან ავარიების რიცხვი შემცირდება. ვცხოვრობ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე თელავში, სადაც არ არის არც საგზაო ნიშანი და არც ,,ზებრა“ გადასასვლელი, რომ გავიხედე მანქანა არ მოდიოდა, გადასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ვერ მოვასწარი და მანქანა დამეჯახა, რადგან დიდი სიჩქარით მოძრაობდა“, – აცხადებს თათია აივაზაშვილი.
მოსახლეობის მეორე ნაწილი მძღოლების უპასუხიმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ყველა მძღოლს ეჩქარება, ამიტომ ისინი მოძრაობის არცერთ წესს არ იცავენ. ჯულია ჩალათაშვილის განცხადებით, გადაჭარბებულ სიჩქარეს საგზაო უსაფრთხოების კუთხით ყველაზე საზიანო შედეგი მოაქვს.
,,ჩვენთან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი სიჩქარის გადაჭარბების გამო იღუპება. როგორც კი სისწრაფე მატულობს, ავტომატურად იზრდება დაზიანების რაოდენობა და სიმწვავე. აუცილებელია, მანიშნებელი იყოს სადაც გადასასვლელია, ან შუქნიშანი იყოს რომ სვლა შეანელონ და ან კიდევ ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელები“ დაამონტაჟონ. გზა ჩვენთვის უსაფრთხო არ არის, რადგან გზის პირას ვცხოვრობთ და მაღაზიაში გადასვლას ვერ ვახერხებთ. ძალიან დიდი სისწრაფით მოძრაობენ ავტომანქანები და ბავშვების გარეთ გასვლის გვეშინია. დიდი ხანია გვინდა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ადგილობრივ ხელისუფლებას რომ მოგვხედონ. ცოტა ხნის წინ ავარიაც მოხდა, მოზარდს დაეჯახა მანქანა, საბედნიეროდ ახალგზრდა გადარჩა“, – განმარტავს ჯულია ჩალათაშვილი.
მოსახლეობა ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. მათი განცხადებით, ქალაქში იმატა ავარიების რიცხვმა, რომელიც სასწრაფოდ ზომების მიღებას საჭიროებს. ბოლო პერიოდში ქალაქში მომრავლდა არასრულწლოვანთა მიერ ცენტრალურ გზებზე მოპედებით გადაადგილება, რომელიც დიდ საშიშროებას ქმნის:
,,დღეისთვის ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდი პრობლემაა მაღალი სიჩქარით მოძრაობა, განსაკუთრებით ეს ეხებათ ნასვამ მძღოლებს, რომლებიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ. დიდი სურვილი მაქვს კანონი გამკაცრდეს ამ მხრივ. გარდა ამისა, თელავში გაიზარდა მცირეწლოვანი ბავშვების გადაადგილება მოპედებით. ვისურვებდი, ამ კუთხით ამაღლდეს მშობლების თვითშეგნება და გამკაცრდეს კანონი,“ – აცხადებს ტელეკომპანია ,,თანამგზავრის’’ ჟურნალისტი ნათია ნანაშვილი.
ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას დაზიანებულ ბორდიულებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ დაზიანებული ბორდიულები გადაადგილებისას მათ საფრთხეს უქმნის და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლეილა პაპუნაშვილი ამბობს, რომ ბორდიულები ქალაქში აუცილებლად უნდა მოეწყოს, რადგან ამის გამო შესაძლებელია, ფეხით მოსიარულეების სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
,,ბორდიულები აუცილებლად უნდა შეკეთდეს. ეს პრობლემა დიდი ხანია მოუგვარებელია და როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? თელავში ზოგან ისე დაზიანებულია ტროტუარები ადამიანი ფეხს მოიტეხავს ღამით რომ გაიაროს. სშირად მანქანების სავალ გზაზე გვიწევს სიარული და ხომ შეიძლება მანქანამ დაგვარტყას? აუცილებელია მოხდეს იმ ქუჩების აღრიცხვა, სადაც ძალიან არის დაზიანებული ბორდიულები. მერე უნდა მოხდეს მათი ეტაპობრივად შეკეთება. ადრევე უნდა ეფიქრათ და გაეკეთებინათ. ქალაქი ლამაზია და ეს დანგრეული ტროტუარები საშინლად ამახინჯებს მის იერსახეს’’, – ამბობს ლეილა პაპუნაშვილი.
მოქალაქეები ინფორმაციის ნაკლებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ საგზაო უსაფრთხოების შესახებ საუბრები საკმარისად არ მიმდინარეობს, რეგულარულად არ ტარდება სემინარები და ცოდნის ასამაღლებელი კამპანიები. ნინია მუსალბიშვილს მიაჩნია, რომ ამ მხრივ მედიის ჩართულობა უნდა გაიზარდოს.
,,მედიამ უნდა გააშუქოს მოვლენა, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე საუბარი აუცილებელია. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა წამოიწყოს კამპანია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი შვილებისა და ჩვენ უსაფრთხო გადაადგილებაზე. რაც შეეხება, ადგილობრივ მთავრობას, უნდა დახარჯოს მეტი ფული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაში რათა ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული. ავტომობილები ხშირად ქვეითად მოსიარულეთა გზაზეა გაჩერებული და ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს. არც ,,ზებრა“ გადასასვლელზე გითმობენ გზას, არც შუქნიშნებია და არც ქვეითთა ბილიკები“, – აღნიშნავს ნინია მუსაბლიშვილი.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავში, რუსთაველის გამზირზე, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობა დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები პროექტის ,,ქალაქში უსაფრთხო მოძრაობის” ფარგლებში ჩატარდა. რუსთაველის გამზირზე, ქვაფენილიანი ქუჩის მონაკვეთზე, არსებული დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი განხორციელდა და ასფალტბეტონის საფარი და ასევე ტროტუარები, ეზოში შესასვლელები, ნიაღვარმიმღები და გამტარი კოლექტორი მოეწყო. თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სულ 95 000 ლარი დაიხარჯება.
,,სამუშაოები გულისხმობს ქალაქში გზაჯვარედინების შუქნიშნებით რეგულირებას, 40-მდე მანქანისთვის პარკირების კუნძულების მოწყობას, რომელიც ფასიანი იქნება. ეს მიმართულია იქით, რომ თელავის მოსახლეობამ მანქანებით თუ ფეხით გადაადგილებისას თავი კომფორტულად იგრძნოს,”– აცხადებს კალმახელიძე.
თელავის მერი ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტროტუარები, გარეგანათება და შუქმნიშნებიც დამონტაჟდება.