ახალი ამბები

თელავში თავისუფალი კინოჩვენებების ვორქშოფი ჩატარდა

პროექტის მენეჯერის ანუკა ლომიძის განცხადებით, კონოჩვენებები მიზნად ისახავს დედაქალაქში, სოფლებში, სხვა ქალაქებსა თუ დაბებში მოსახლეობის კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ადგილობრივი კინოკლუბების შექმნას, კინოს პოპულარიზაციას, სოციალური და საზოგადოებრივი თემების ირგვლივ დისკუსიების წარმართვასა და მოქალაქეთა თვითორგანიზაციული უნარების განვითარებას. 
„ჩვენი პრინციპი მარტივია. ნებისმიერი ტექნიკური რესურსით, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ასაკის აუდიტორიისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსიის მოწყობა. მთავარია იყოს სადისკუსიო ფილმი და გვყავდეს ერთი მაყურებელი მაინც, რომელსაც ვაჩვენებთ ფილმს. ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს მაინცდამაინც იმაზე, რომ კინოდარბაზები დავიპყროთ. თავისუფალი კინოჩვენებები შეგვიძლია მოვაწყოთ ეზოში, სახურავზე, სარდაფში, როგორც აკეთებდნენ ჩვენი პროექტის შარშანდელი მონაწილეები“, – განუცხადა knews.ge-ს ანუკა ლომიძემ. 
ვორქშოფების ფარგლებში სხვადასხვა ასაკის მოქალაქე გაეცნო ინდივიდუალური კინოჩვენებების ორგანიზების, პოპულარიზაციის, აუდიტორიის მობილიზების, ფილმების მიზნობრივად შერჩევის, დისკუსიის წაყვანისა და კინო-კლუბებისთვის საჭირო ტექნიკისა თუ ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების პრინციპებს.
თელავის გარდა, თავისუფალი კინოჩვენებების ვორქშოფი თბილისშიც გაიმართა. წელს ვორქშოფები ჩატარდება კიდევ 12 რეგიონულ ცენტრში: გორში, ქუთაისში, ამბროლაურში, დმანისში, მარნეულში, ხარაგაულში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდსა და მესტიაში. 
თავისუფალი კინოჩვენების ვორქშოფებს ჯამში სხვადასხვა ასაკის 650 მოქალაქე დაესწრება. 
პროექტი ხორციელდება ფონდის “აჰუაჰუ – კულტურის განვითარებისთვის” მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.