1 აგვისტოდან რძის პროდუქტების ეტიკეტზე ახალი ტერმინები გაჩნდება
დადგენილება მიზნად ისახავს, რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
მთავრობის ამ რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი, და სხვა. გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად კარაქისებრი ან კარაქის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის N342 დადგენილებით რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებით კი, განისაზღვრა ტერმინი „მაწონი“. ეს არის ქართული ტრადიციული რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება ძროხის, კამეჩის, თხის, იშვიათად ცხვრის აღდგენილი, ნორმალიზებული და პასტერიზებული რძის ან მათი ნარევის შედედებით. დასახელებას „მაწონი“ შეიძლება დაემატოს საწყისი რძის მინიშნება -ძროხის, თხის, კამეჩის და/ან ცხვრის – იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული რძის წილი ნარევში 85%-ს აღემატება.
2016 წლის პირველ აგვისტომდე დასაშვებია რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითდ რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების გამოყენება აიკრძალება.