წელს კახეთში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელიან
“წელს კარგ მოსავალს ველოდებით. მთავარია, ფასი ჰქონდეს შესაბამისი, რომ მოგება ვნახოთ და ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყაროს. 1ჰა-ზე ვენახის მოვლა 1200 ლარამდე ჯდება. ძალიან მაღალი ფასი აქვს შხამქიმიკატებს, ვენახი შეწამვლას 4-5 ჯერ საჭიროებს. თუ ყურძენს ფასი არ ექნება, ხარჯების დაფარვაც კი გაგვიჭირდება,” – აცხადებენ კახელი გლეხები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ციცია მამულაშვილის ვარაუდით, უხვმოსავლისნობის პარალელურად შესაძლოა ყურძნის ფასმა დაიკლოს, რადგან წელს ღვინის ექსპორტი შემცირებულია.
“ფასს ბაზარი ადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი შემცირებულია. ამან შესაძლოა ყურძნის ფასზე მოახდინოს გავლენა და შარშანდელთან შედარებით ფასმა დაიკლოს. რთველი ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ყურძნის ფასი მკვეთრად შემცირდება. მართალია, ივნისში ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდს 25%-ით ჩამორჩა. ამ დროისთვის პერსპექტიულ ბაზრებად აშშ და იაპონია განიხილება”, – განაცხადა ციცია მამულაშვილმა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ექსპორტის კლებას ქართული ღვინის ორ ბაზარზე – რუსეთსა და უკრაინაში მოთხოვნის შემცირებით ხსნიან. ამის ფონზე სხვა ქვეყნებში ექსპორტი იზრდება, თუმცა ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთია, სადაც ეკონომიკური კრიზისის გამო ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია. ყველაზე დიდი რაოდენობით კი ექსპორტირებულია “ქინძმარაული”, “მუკუზანი” და “წინანდალი”. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,bpn” ავრცელებს.