თელავის უნივერსიტეტს ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცა
knews.ge-ს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნულ პროცესს წინ უძღოდა ტრენინგები ლონდონის ვესტმინსტერის და ესპანეთის მურსიის უნივერსიტეტებში, რომელშიც პროფესორები მონაწილეობდნენ. ისინი მიღებულ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ახალი სასწავლო კურსის, „ჰემატოლოგიის,“ სწავლების პროცესში გამოიყენებენ. ლაბორატორიული აღჭურვილობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა ტემპუსის პროექტის – ,,კურიკულუმის განვითარება და რეგიონული სასწავლო პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისათვის” – ფარგლებში.
პროექტი, რომელშიც ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა ჩართული, ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესებას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.