კახეთში პროექტის “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება” განხორციელება დაიწყო
ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” დირექტორის, ირაკლი იზორიას თქმით, ტრენინგზე საუბარი შეეხო საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მედიის როლს საგზაო უსაფრთხოების განვითარების კუთხით.
იზორიას თქმითვე, პროექტის მიზანია, გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის, ქვეითების, მძღოლებისა, ბავშვებისა და გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
,,პროექტი ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტთან ერთად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. კამპანიის ,,არ დაარღვიო საგზაო წესები’’ ფარგლებში თელავში ჩავატარეთ მედია ტრენინგი. ჟურნალისტებს გავაცანით ყველა ის რისკ-ფაქტორი და საკითხები რაც არსებობს გზებზე კახეთის რეგიონში. ჟურნალისტებს ასევე მივაწოდეთ სტატისტიკური ინფორმაცია თუ რა ხდება კახეთის გზებზე, ასევე გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმებიც ’’,- განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი იზორიამ.
ტრენინგის მონაწილის, გაზეთ ,,კახეთის ხმის ‘’ ჟურნალისტის, ნიკოლოზ ესიტაშვილის თქმით, დღეისთვის მედიით მხოლოდ ავარიების ფაქტები შუქდება, მიზეზს კი თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ფაქტი ნაკლებად ექცევა ყურადღება.
,,ძალიან ხშირია შემთხვევები როცა გამოუცდელი მძღოლები მართავენ მანქანას , რის გამოც ხდება ხშირად ავარიები. ამ პროექტის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ აღნიშნულ საკითხებს და გააშუქონ ავტოსაგზაო შემთხვევები მარტო იმიტომ კი არა რომ მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, არამედ ისაუბრონ რამ გამოიწვია ეს შემთხვევები. ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და შესაბამისად შემცირდება ავარიების რიცხვი, რომელიც დღითიდღე კატასტროფულად იზრდება. ტრენინგის შემდეგ კი მე უკვე გამიჩნდა იდეა თუ რაზე შეიძლება მე მოვამზადო მასალა’’– განაცხადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.
ტელეკომპანია ,,თანამგზავრის’’ ჟურნალისტის, ნათია ნანაშვილის თქმით, დღეისთვის დიდი პრობლემა გადაჭარბებული სიჩქარით სიარულის და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მიერ მანქანის მართვის ფაქტები გახშირებულია. მისივე თქმით, აუცილებელია ამ მხრივ დღეისთვის არსებული კანონის გამკაცრება.
,, დღეისთვის ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდი პრობლემაა მაღალი სიჩქარით მოძრაობა, განსაკუთრებით ეს ეხებათ ნასვამ მძღოლებს, რომლებიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ. მე დიდი სურვილი მაქვს კანონი გამკაცრდეს ამ მხრივ. გარდა ამისა, თელავში მცირეწლოვანი ბავშვების ნაწილი ცენტრალურ გზებზე მოპედებით გადაადგილდება, რაც დიდ საშიშროებას ქმნის. ვისურვებდი რომ ამ კუთხით პირველრიგში ამაღლდეს მშობლების თვითშეგნება და გამკაცრდეს კანონი’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნათია ნანაშვილმა.