თელავში გამოფენა “ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახე” მიმდინარეობს
გამოფენა იმართება ოთხ ქალაქში: თელავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში.
პროექტ “ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახის” მენეჯერის, ირინა ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოში ურბანული განვითარების პრობლემების აქტუალობამ განაპირობა ამ პროექტის განხორციელება. მისივე განმარტებით, პროექტი იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შენობების მდგომარეობის შესახებ ფოტოების სახით უტყუარი ფაქტები დარჩება.
“ძალიან აქტუალურია დღეს საქართველოში ურბანული განვითარების პრობლემები. ფაქტობრიბად ეხლა იწყება ამ საკითხებზე აქტიური მსჯელობა, რამაც ამ პროექტის დაფინანსება განაპირობა. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ აქედან რჩება ფაქტობრივი მტკიცებულება კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შენობების, თუ რა მდგმარეობაშია ახლა ისინი. გამოფენა კი აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას ამ კონკრეტული საკითხების შესახებ. ამ საკითხებზე NIMD-ის სკოლაში დისკუსიაც იგეგმება და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურბანული განვითარებისა და ურბანული განვითარების კონტექსტში შესული შენობების იერსახის შენარჩუნებას. აქ არ იგულისხმება მხოლოდ კონკრეტული შენობის იერსახის შენარჩუნება, არამედ ისტორიულ უბანში არ შეიძლება აშენდეს კონტექსტიდან ამოვარდნილი თანამედროვე სტილის შენობები, რაც ხშირად ხდება სხვადასხვა ქალაქში. აღნიშნული პრობლემა მეტ-ნაკლებად არსებობს ყველა სხვა ქალაქში და მათ შორის თელავშიც”, – განუცხადა Knews.ge-ს ირინა ქართველიშვილმა.
ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილი აცხადებს, რომ გამოფენაზე წარდგენილი ფოტოების ნაწილი თავად გადაიღო, ნაწილი კი არქივსა და ძეგლთა დაცვის სერვერულ სააგენტოში მოიძია.
“მე ამ პროექტში ჩავერთე, როგორც ფოტოგრაფი და ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები არის ჩემი გადაღებული. სურათების ნაწილი მოვიძიე არქივში, ნაწილი ძეგლთა დაცვის სერვერულ სააგენტოში, ნაწილი კი პირადი კოლექციებიდან. შევეცადე მაქსიმალურად, რომ აღმეწერა ჩვენი ქალაქის ის საუნჯე, სიმდიდრე, რაც თელავს გააჩნია, კერძოდ ისტორიული ძეგლები, მათი მდგომარეობა და სახეცვლილება და როგორაა ისინი შენარჩუნებული”, – განაცხადა ფოტოგრაფმა გიორგი ბეჟანიშვილმა.