ახალი ამბები

მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს საკრებულოს რეგლამენტით, დადგენილი წესით, საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. მოქალაქეს შეეძლება გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. 
საკრებულოს სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტს მთავრობამ უკვე წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე მეტია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს, სხდომის მსვლელობას მოუსმინონ. 
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება ექნება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება და წარადგინოს ინფორმაცია.