დედოფლისწყაროელები ქერის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ
ისინი ამბობენ, რომ გასული წლისგან განსსხვავებით, წელს მიიღეს 3-დან 5 ტონამდე ქერის მოსავალი, რომლის რეალიზებასაც ვერ ახერხებენ. ფერმერების განცხადებით, კილოგრამი ქერის ფასი 60-დან 30 თეთრამდე დაეცა, თუმცა ამ ფასადაც ვერ ყიდიან მოსავალს. ფერმერები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
„წელს საუკეთესო მოსავალი მოვიდა, მაგრამ ვერ ვყიდით. იმის გამო, რომ ქერი დამეთესა, მანქანა და სახლი ჩავდე ბანკში და კრედიტი ისე გამოვიტანე, ახლა რა უნდა ვქნა არ ვიცი”, – განაცხადა ფერმერმა ელიზბარ იმერლიშვილმა.
ფერმერი, ბაჩუკი გონაშვილი ამბობს, რომ შირაქის და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს.
“კილოგრამი ქერის ფასი 60 თეთრი იყო, ახლა კი 30 თეთრზე დაეცა, თუმცა მყიდველი მაინც არ ჩანს”,- განუცხადა ,,ქიზიყი.ge-ს’’ ბაჩუკი გონაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ დღეისთვის რაიონის ტერიტორიაზე სახნავ-სათესი ნაკვეთების 47 663 ჰა-დან წელს 11929 ჰ ხორბალი, ხოლო 2 720 ჰა-ზე ქერი იყო დათესილი. უწყების ინფორმაციით, წელს 40 000 ტონა ხორბლის, ხოლო 9 520 ტონა ქერის მოსავალს ელოდებიან.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ჯავახიშვილის თქმით, მარცვლეულის გასაყიდი ფასი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასტაბილურდება.
,,ბაზარზე ფასები ჯერ დასარეგულირებელია.ზოგი ვალების გამო საჩქაროდ ყიდის მოსავალს, ზოგი დასაწობებას აპირებს და ა. შ. ფასები ალბათ 2 კვირაში დასტაბილურდება’’, –განუცხადა Knews.ge-ს ზვიად ჯავახიშვილმა.
კახეთის ,,ფერმერ ქალთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი, ირინე ფხოველიშვილი ფერმერების პრობლემებზე საუბრობს. უხვი ნალექის და სეტყვის გამო ფხოველიშვილი ფერმერების დაზარალებაზე საუბრობს.
,,თუ გასული წელი ფერმერებისთვის მძიმე იყო გვალვის გამო, წელს უხვი ნალექის, უეცარი გრიგალებისა და სეტყვის გამო დაზარალდნენ. დავამატებ, რომ ნორმალურია როგორც ქერის ისე ხორბლის მოსავალი. ახლა მთავარია მარცვლეულს ფასი, რომ ფერმერმა მოგება ნახოს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.