ახალი ამბები

28 ივნისს იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს საძირკველი იკურთხება

საძირკვლის კურთხევას მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კახეთის გუბერნიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 
სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 290366,37 ლარია და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება. გარდა ამისა, სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი. 
პროექტის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნონ ქართულ ძირძველ ტრადიციებს და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. 
ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის სექტემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 70 ადამიანია დასაქმებული.